Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ოფისი ღრუბლებში

by Davit Tsiramua
January 20, 2023
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო, სტრატეგიები, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ოფისი ღრუბლებში
0
SHARES
0
VIEWS

პანდემიის დროს კლიენტებთან სხვადასხვა გაჯეტსა და პლატფორმას შორის გაბნეულმა კომუნიკაციამ „გრანთ თორნთონ საქართველოს“ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილების, ვირტუალური ოფისის შექმნა შთააგონა. ღრუბლოვან სისტემაში განთავსებულ ოფისში ყველაფერს ნახავთ, რასაც რეალურში, ოღონდ გაცილებით მარტივად – ერთი დაწკაპუნებით, „გრანთ თორნთონის“ კლიენტები კი პირველები იქნებიან, ვინც საქართველოს ბაზრისთვის უნიკალური სიახლით ისარგებლებს. კლიენტებთან ურთიერთობის ხარისხის ღრუბლებამდე აწევაზე სასაუბროდ კომპანიის მმართველ პარტნიორ ვახტანგ ცაბაძეს და ვიცე-მმართველ პარტნიორ პაატა შურღაიას ამჯერად რეალურ ოფისში ვეწვიეთ.

ვირტუალური ოფისი ბიზნესპროცესის აუცილებელ ატრიბუტებს ერთ სივრცეში აერთიანებს, თუმცა პროცესების ციფრულად მართვისა და მონიტორინგის არაერთი ხელსაწყო უკვე არსებობს. რა არის ახალი ოფისის უნიკალურობა?

ვახტანგ ცაბაძე: დავიწყოთ იმით, რომ ეს სისტემა ჩვენი კლიენტებისთვის შეიქმნა, რათა მათთან კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი გაგვეხადა. მართალია, მსგავსი სისტემები არსებობს, თუმცა ჩვენი ვირტუალური ოფისის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის რამდენიმე ისეთ ფუნქციონალსაც მოიცავს, რაც სხვას არა აქვს.

მაგალითად?

ვახტანგ ცაბაძე: უფრო კონკრეტულად, ის ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. პირველი – როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომუნიკაციის კომპონენტია. მეორე – დავალების მიცემის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს აგენტს კონკრეტულ დავალებას აძლევს. მესამე – მონაცემთა გაზიარების ფუნქციონალი, როდესაც საქაღალდეები ერთ სივრცეში, ღრუბლოვან სისტემაში ინახება და რომელზეც წვდომა ჩვენს აგენტსა და კლიენტსაც აქვს. ამ დრომდე გარკვეული დოკუმენტები ჩვენ გვქონდა, ზოგი კი კლიენტთან ინახებოდა, ახლა უკვე ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. ყველა მხარე ყველა საჭირო ინფორმაციას და საქაღალდეს სწორედ ვირტუალურ ოფისში ინახავს. და მეოთხე – ფინანსური რეპორტინგი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენს ვირტუალურ ოფისს უნიკალურობას ყველაზე მეტად სწორედ ის სძენს. შესაძლებელია არაფინანსური რეპორტინგის გაკეთებაც, რაც მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტის გამოყენებით სისტემაშია ჩაშენებული.

როგორი ტიპის კლიენტებისთვის შექმენით ვირტუალური ოფისი?

პაატა შურღაია: ეს სისტემა ძირითადად მცირე და საშუალო კომპანიებზე გავთვალეთ, ვინაიდან დიდ კომპანიებს ხშირად თავიანთი სისტემები და გლობალური პლატფორმები აქვთ. მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მფლობელებს კი საშუალებას ვაძლევთ, თავიანთი კომპანიის მოგება-ზარალი, ბალანსი და ქეშფლოუ ერთი დაწკაპუნებით ნებისმიერ დროს ნახონ და არ დასჭირდეთ ბუღალტრისათვის დავალების მიცემა და კონკრეტული თარიღის ბალანსის შესახებ ინფორმაციის მოგროვება. სისტემა ამ პროცესებს მნიშვნელოვნად ამარტივებს, დროსაც ზოგავს და კომპანიის მუშაობასაც უფრო ეფექტიანს ხდის.

როგორ გაჩნდა იდეა და რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე? რატომ გადაწყვიტეთ ამაში ინვესტირება?

პაატა შურღაია: ვირტუალურ ოფისზე მუშაობა ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს დავიწყეთ. მაშინ იმის გაანალიზებას ვცდილობდით, თუ როგორ შეიძლებოდა კლიენტებთან კომუნიკაციის ფორმის გაუმჯობესება და შეცვლა, რათა ბიზნესებს უფრო მეტი დრო დარჩენოდათ საოპერაციო ნაწილისთვის, ხოლო ადმინისტრაციულ საკითხებზე უფრო ნაკლები რესურსი და დრო დაეხარჯათ. მოგვიანებით პანდემიამ გვაჩვენა, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, ვინაიდან სწორედ პანდემიის დროს უამრავ გაჯეტს და სხვადასხვა პლატფორმას ვიყენებდით ჩვენს კლიენტებთან კომუნიკაციისთვის, რის გამოც, შეიძლება ითქვას, მათთან ურთიერთობა ერთგვარად გაფანტული იყო დროსა და სივრცეში. ვირტუალური ოფისი კი ამ პრობლემას პირდაპირ პასუხობს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, კომუნიკაცია ჩვენთან პირდაპირ რეჟიმში დაამყაროს.

ვახტანგ ცაბაძე: ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, ტექნოლოგიები ვითარდება და დროც იცვლება. მსგავსი ინსტრუმენტები საჭიროა იმისათვის, რომ კლიენტებსა და ჩვენ შორის ურთიერთობის სტილიც შეიცვალოს. მოძველებულ სამყაროში არ უნდა ვიცხოვროთ. რამდენიმე კლიენტი სატესტო რეჟიმში უკვე იყენებს ვირტუალურ ოფისს. ვგეგმავთ, ეტაპობრივად ყველა ჩვენი კლიენტისთვის ის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს პროდუქტი ძირითადად აუტსორსინგის მიმართულებისთვის არის, ვისაც ჩვენ ბუღალტრულ მომსახურებას ვუწევთ. მათი რიცხვი 100-ზე მეტია. თუმცა ჩვენი სხვა სერვისების მომხმარებლების მიერაც შესაძლებელია მისი ათვისება. მათ შორის საგადასახადო, იურიდიული და არაფინანსური ანგარიშგების აუდიტის სერვისის მიმღებთა მიერაც.

თქვენი მოლოდინით, რამდენად იმუშავებს თქვენი ახალი შეთავაზება საჯარო სექტორში?

პაატა შურღაია: ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმუშავებს. არ გვაქვს გათვლა საჯარო სექტორზე. ძირითადი გათვლა მხოლოდ ჩვენს კლიენტებზე გვაქვს.

გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიების ფინანსური მონაცემები ვირტუალურ ოფისში იქნება თავმოყრილი, მნიშვნელოვანია მათი კიბერუსაფრთხოებაც. როგორ უზრუნველყოფთ ამას?

ვახტანგ ცაბაძე: „გრანთ თორნთონის“ გლობალურ ქსელს აქვს თავისი კიბერუსაფრთხოების სტანდარტები. საქართველოსთვის ეს სისტემა ჩვენი დაწერილია, თუმცა ის ჩვენი გლობალური ქსელის სტრატეგიის ნაწილია. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გათვალისწინებულია. სხვათა შორის, პროგრამა ჩვენი რეგიონის ოთხი ქვეყნისთვის დაიწერა. ამ სისტემას უკვე ორი ქვეყნის მხარდაჭერა აქვს. თუმცა მის გამოყენებას ჯერ საქართველოში ვიწყებთ.

ვახტანგ ცაბაძე

„გრანთ თორნთონი“ 130 ქვეყანაში 62,000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, გამოდის, პირველები ხართ და თქვენს გლობალურ ქსელში მსგავსი პლატფორმა ჯერ არ გამოყენებულა…

ვახტანგ ცაბაძე: ასეთი სახით – არა. კანადაშიც არის მსგავსი, მაგრამ არის სხვაობებიც. შემოერთებას აპირებენ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და დუბაის ოფისებიც.

რას ელით ამ პროდუქტისგან?

ვახტანგ ცაბაძე: ჩვენი ველით, რომ კომპანიები ამ ფორმატის მუშაობასა და კომუნიკაციაზე ეტაპობრივად გადავლენ. ასეთი კომუნიკაცია უფრო მარტივი იქნება ყველასთვის და დარწმუნებული ვართ, რომ მისი გამოყენება თანდათან უფრო აქტიურად დაიწყება. რამდენიმე წელიწადში კომპანიები ალბათ ვეღარც წარმოიდგენენ, თუ როგორ იღებდნენ მანამდე მომსახურებას ვირტუალური ოფისის გარეშე, ისევე როგორც, მაგალითად, მე არ მახსოვს, როდის მივდიოდი ბანკში ამონაწერის გასაკეთებლად.

პაატა შურღაია: ბიზნესი არის ინფორმაციულ სტრესში, ძალიან ბევრი ინფორმაცია ბრუნავს მათ გარშემო, ამიტომაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის ზღვაში პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე მნიშვნელოვანია მიღებული ინფორმაციის დახარისხება და ის, რომ ბიზნესმა მისი ისეთი ვიზუალიზაცია შეძლოს, რომ მარტივად აღიქვას და გააანალიზოს არსებული მონაცემები და გადაწყვეტილებებიც სწრაფად მიიღოს. აღრიცხვის ციკლთან დაკავშირებით მიდგომა სრულად უნდა შეიცვალოს. ვირტუალურ ოფისში აღრიცხვას ყოველდღიურ რეჟიმში ხედავენ, აანალიზებენ და გადაწყვეტილებასაც იღებენ. საჭირო აღარ არის თვე დასრულდეს და შემდეგ გაანალიზდეს მისი მონაცემები.

თქვენ კომუნიკაცია და მთელი ეს პროცესები ვირტუალურ სივრცეში გადაიტანეთ. გარდა დიგიტალიზაციისა, თქვენი სერვისის მომხმარებელი ორგანიზაციების რა საჭიროებებს გამოყოფდით?

პაატა შურღაია: ზოგადად ბიზნესს უამრავი გეგმა და იდეა აქვს. პრობლემა არის გეგმებისა და იდეების რეალიზების, ანუ აღსრულების ნაწილში. შესაბამისად, ამ ვირტუალური ოფისის მიზანიც ისაა, რომ ბიზნესებს აღსრულების აქსელერაციაში დავეხმაროთ. ჩვენს ვირტუალურ ოფისს თავისი მეთოდოლოგია აქვს, რაც პროცესებს ყოველდღიურ რეჟიმში ალაგებს, და ბიზნესს შესაძლებლობას უჩენს, რომ მხოლოდ იდეაზე კი არ იფიქროს, არამედ მისი აღსრულებისთვისაც დარჩეს დრო. ეს მათი უმნიშვნელოვანესი საჭიროებაა, რა ნაწილშიც დახმარება ჩვენს თავზე ავიღეთ.

გამომდინარე იქიდან, რომ „გრანთ თორნთონი“ ორგანიზაციებს ზრდა-­განვითარებაში ეხმარება, თქვენი დაკვირვებით, საქართველოში რა აფერხებს ბოლო პერიოდში მათ პროგრესს, პანდემიას თუ არ ჩავთვლით?

ვახტანგ ცაბაძე: პანდემიის გარდა, კიდევ ბევრი ფაქტორია, რასაც გაურკვევლობა შემოაქვს. მათ შორის – ამჟამად მიმდინარე ომი უკრაინაში. თუმცა წარმოვიდგინოთ, რომ არც ომია და არც პანდემია. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა და შემაფერხებელი ფაქტორი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მოულოდნელი ცვლილებაა. კერძოდ, წინა პრაქტიკების მოკლე დროში გადახედვა და მათი ერთ დღეში შეცვლა. ეს ბიზნესს პროგნოზირებაში უშლის ხელს.

პაატა შურღაია: ისე იცვლება გარემოებები და გადაწყვეტილებები, რომ მათზე პასუხისმგებელი თითქოს არავინ არ არის. ერთიანი პოლიტიკა არ არსებობს. ეს სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია ბიზნესების განვითარებისთვის.

პაატა შურღაია

კვლავ დიგიტალიზაციას რომ დავუბრუნდეთ… თქვენ რეგულარულად იკვლევთ სექტორებსა და ბიზნესებს. თქვენი დაკვირვებით, რომელია ყველაზე ციფრული სექტორი?

პაატა შურღაია: საქართველოში ყველაზე გაციფრულებული საფინანსო და კომუნიკაციების სექტორებია. მათ მოჰყვება სადაზღვევო და ჯანდაცვის სექტორი. თუმცა ჯანდაცვის სექტორს კიდევ ბევრი რამ სჭირდება. ბევრ სისტემას იყენებენ და საჭიროა ინფორმაციის კონსოლიდაცია. ამაში შეგვიძლია, მათ დავეხმაროთ. მათ შეიძლება ჰორეკა სექტორიც დავამატოთ.

რაც შეეხება საჯარო სექტორის გაციფრულების დონეს?

პაატა შურღაია: საჯარო სექტორიც საკმაოდ კარგ დონეზეა ამ კუთხით. მაგალითად, საჯარო რეესტრის სერვისები, შემოსავლების სამსახურის პორტალები და ა.შ. ბევრი სერვისი გაციფრულებულია. თუმცა კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.

შედეგებით და მოლოდინებით რომ შევაჯამოთ, „გრანთ თორნთონის“ გლობალური ქსელი პანდემიის შედეგებისადმი საკმაოდ მდგრადი გამოდგა, რაც შემოსავლებშიც აისახა. რა შეიძლება ითქვას „გრანთ თორნთონ საქართველოზე“? და რას ელით მიმდინარე წლისგან?

ვახტანგ ცაბაძე: დიახ, გლობალურად ჩვენი ქსელის ზრდა 15% იყო. ეს არ არის სტარტაპი, ეს ჩამოყალიბებული და დიდი გამოცდილების მქონე ქსელია და ასეთი ზრდა ერთ წელიწადში მნიშვნელოვანი შედეგია. შემოსავლების ნაწილში საქართველოშიც მატება გვქონდა, რაც იმის საფუძველია, რომ უახლოეს მომავალში მეტი ზრდა იყოს. 2022 წლის დასაწყისში ვფიქრობდით, რომ ვირტუალური ოფისის გაშვება კლიენტების ბაზის და ცნობადობის გაზრდაში დაგვეხმარებოდა, თუმცა გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, პროგნოზირება ჯერჯერობით რთულია.

პაატა შურღაია: გარდა შემოსავლების ზრდისა და ორგანიზაციის განვითარებისა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ განვითარებაშიც შევიტანოთ წვლილი. წელს ე.წ. Change Maker-ის კამპანიაც დავიწყეთ, რაც ჩვენს ორგანიზაციაში დაგროვებული გამოცდილების საზოგადოების სხვადასხვა წრისთვის გაზიარებას გულისხმობს. ესენია უმაღლესი განათლება, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტებთან მასობრივ თანამშრომლობას ვიწყებთ, მეორე არის სკოლის ნაწილი, სადაც მეწარმეობის შესახებ ლაბორატორიის შექმნას ვაპირებთ, რომელსაც ლიტერატურით და სხვა რესურსებით უზრუნველვყოფთ და ბოლოს ვგეგმავთ სტარტაპებთან ურთიერთობის გაძლიერებას. ეს პროცესები უკვე დაწყებულია და დიდ პოზიტიურ ცვლილებებსაც ველოდებით.

Previous Post

„საქკაბელის“ ამბიციური გეგმები – ინტერვიუ დავით კაპანაძესთან

Next Post

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მედია ბრენდი Google-ია, ყველაზე ძლიერი კი – WeChat

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მედია ბრენდი Google-ია, ყველაზე ძლიერი კი – WeChat

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მედია ბრენდი Google-ია, ყველაზე ძლიერი კი - WeChat

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result