Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული წელი და 2023 წლის გამოწვევები

by Davit Tsiramua
იანვარი 20, 2023
in ეკონომიკა, ეკონომიკა, მოსაზრება, საქართველო, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
გასული წელი და 2023 წლის გამოწვევები
0
SHARES
0
VIEWS

ერთი წლის წინ 2022 წლის გამოწვევების შესახებ ვწერდი, რომ მთავარი გამოწვევა მაღალი ინფლაციის ტემპი იქნებოდა, რაც, სამწუხაროდ, ახდა და ფასების სწრაფად ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდა. ფასების 10%-ზე მეტად ზრდამ არ მისცა ეროვნულ ბანკს საშუალება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეემცირებინა, პირიქით, 11%-მდე გაზარდა.

2022 წელი მოსალოდნელზე პოზიტიური აღ­­მოჩნდა პანდემიის დასრულების მხრივ. გაზაფხუ­ლიდან პანდემია თითქმის დასრულდა, რამაც ტურიზმის სექტორს სრულად მოუხსნა შეზღუდვები, ქვეყნის ბიუჯეტიდან კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მი­მართული ხარჯები კი მნიშვნელოვნად შეამცირა.

წლის მთავარი მოულოდნელობა რუსეთ-უკრაინის ომი იყო. ომმა ეკონომიკაში ბევრი გაურკვევლობა წარმოშვა. მოლოდინი იყო, რომ ეკონომიკურად საქართველოც საგრძნობლად და­ზარალდებოდა, თუმცა პირიქით მოხდა. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციამ საქარ­­თველოს ეკონომიკის ზრდა დააჩქარა და ლარის კურსი გაამყარა.

ლარის გამყარებამ და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ სახელმწიფო ვალის ტვირთი შეამსუბუქა, რაც 2020 წლის ბოლოს კრიტიკულ ზღვარს, მთლია­ნი შიდა პროდუქტის (მშპ) 60%-ს გადასცდა.

ეკონომიკური ზრდა

2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად პოსტპანდემიური პე­რიოდის დამსახურება იყო. 2020 წლის 6.8%-იან კლებას ზრდა მოჰყვა. 2019 წელთან შედარებით ზრდა 3% იყო.

2021 წლის ბოლოს, 2022 წლისთვის საქართვე­ლოს მთავრობა ეკონომიკის 6%-ით ზრდას პროგ­­ნოზირებდა. თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოს ეკონომიკის მომავალი ბუნდოვანი გახდა. მარტ-აპრილში საერთაშორი­სო ორგანიზაციებმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირეს. ამ პერიოდ­­ში საქართველოს მთავრობას პროგნოზი არ შეუც­­ვლია და შემოდგომამდე 6% დატოვა. ნოემბერში კი 2022 წლის მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

მონაცემების წყარო: საქსტატი

აღმოჩნდა, რომ უკრაინა-რუსეთმა საქართვე­ლოს ეკონომიკის ზრდის ტემპი კი არ შეანელა, პი­რიქით, დააჩქარა. ამის მთავარი მიზეზი რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართ­­ველოში საცხოვრებლად ჩამოსული 100 ათასამდე მიგრანტია. პირველ რიგში, მიგრაცია უძრავი ქონების სექტორს და­ეტყო, გაიზარდა საცხოვრებელი სახლე­ბის ყიდვასა და ქირაობაზე მოთხოვნა. იანვარ-ნოემბერში საქართველომ რუსი ვიზიტორებისგან (მათ შორის, მიგრან­­ტებისგან) და რუსეთიდან ფულადი გზავ­­ნილებით 2.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. ამას თუ დავუმატებთ „ჯიბით“ და სხვა გზებით შემოტანილ ფულს, ეს თან­­ხა, სავარაუდოდ, 3 მილიარდ დოლარამ­­დე იქნება.

მაღალ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნე­ლოვანი წვლილი შეიტანა იანვარ-ნოემ­­ბერში 32%-ით გაზრდილმა ექსპორტმაც. 2022 წლის 11 თვეში ექსპორტით საქარ­­თველომ 1.2 მილიარდი დოლარით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2021 წლის 11 თვეში.

2022 წლის პირველ კვარტალში სა­ქართველოს ეკონომიკა 15%-ით გაიზარ­­და, რაც ძირითადად ისევ პოსტპანდემი­ურ ეფექტთან იყო კავშირში. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდა, რამაც 2022 წლის პირველ კვარტალში მაღალი ზრდის ტემპის მიღწევა მნიშვნელოვნად განაპირობა.

მეორე კვარტალში ეკონომიკა 7.2%- ით, ხოლო მე-3 კვარტალში 9.8%-ით გა­იზარდა. 10 თვეში, იანვარ-ოქტომბერში კი ზრდამ 10% შეადგინა.

ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარსექტემბერში ყველაზე მაღალი ეკონომი­კური ზრდა შემდეგ დარგებში დაფიქ­­სირდა: ელექტროენერგიის მიწოდება – 52%, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 45%, ტრანსპორტი – 29%, სამთომოპო­ვებითი მრეწველობა – 22% და სასტუმ­­როები და რესტორნები – 21%. ჯანდაცვის სექტორი 4.7%-ით შემცირდა.

ინფლაცია და ლარის კურსი

წლიური ინფლაციის დონემ იანვარ-ნო­ემბერში 10.4% შეადგინა. კიდევ უფრო მაღალი იყო წლის დასაწყისში – 13.9%, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩ­­ვენებელია. ყველაზე მეტად – 16.8%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება 15.9%-ით გაძვირდა. ბინის ქირა და კომუნალუ­რი გადასახადები 15.4%-ით გაიზარდა. 9.6%-ით გაძვირდა ავეჯი და საოჯახო ნივთები. თუ ჩაშლილად, ცალკეული სა­ქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში ყვე­ლაზე მეტად, 83%-ით, სიმინდის ფქვილი გაძვირდა. შემდეგ სარეცხი საპონი მო­დის, რომელიც 43%-ით გაძვირდა. კარ­­ტოფილი და რძის შემცველი პროდუქტე­ბი 39%-ით გაძვირდა.

2022 წელს ინფლაცია მხოლოდ სა­ქართველოს პრობლემა არ იყო, მან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეაწუხა. გლობალურ დონეზე ინფლა­ციის მთავარი მიზეზი პანდემიის გამო გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტების დე­ფიციტი და შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა იყო. გარკვეულწილად სიტუა­ცია ლოგისტიკურმა სირთულეებმაც გა­ამძაფრა. თუმცა მაღალი ინფლაცია 2021 წელს დაიწყო და 2022 წელს მსოფლიო ინფლაციის ტემპის შემცირებას ელოდე­ბოდა. ასე არ მოხდა, რადგან უკრაინაში ომის დაწყებამ ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ფასი მნიშვნელოვ­ნად გაზარდა. არავინ იცის ზუსტად, რა მოხდებოდა, რომ არა ეს ომი. სავარაუ­დოდ, ინფლაცია მაინც მაღალი იქნებო­და, რადგან ფუნდამენტური საფუძვლე­ბიც ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი მაღალი, როგორიც იყო.

წლიური ინფლაცია საქართველოში

მონაცემების წყარო: საქსტატი

2022 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3.08 იყო. თებერვლის შუა რიცხვებში 2.95-მდე გამყარდა, ომის დაწყების შემდეგ კი სწრაფად გაუფა­სურდა და მაქსიმუმს 3.40-ს 10 მარტს მიაღწია. ამის შემდეგ ლარმა გამყარე­ბა დაიწყო და მაისის მეორე ნახევარში 3 ლარს ჩამოსცდა. ლარის გამყარება დეკემბრამდე გაგრძელდა და 20 დეკემ­­ბრისთვის 2.66 ლარი შეადგინა. ასეთი დაბალი ლარის კურსი 2019 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. ლარის კურსის ასეთი გამყარება ქვეყანაში დოლარის შემომა­ვალი ნაკადების ზრდამ განაპირობა. ამ ნაკადებში ყველაზე დიდი წვლილი გაზ­­რდილ ფულად გზავნილებს მიუძღვის. შემდეგ მოდის ტურიზმი და ინვესტიციე­ბი. მართალია, ექსპორტიც მნიშვნელოვ­­ნად გაიზარდა, მაგრამ იმპორტი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და, საბოლოო ჯამში, საგარეო ვაჭრობამ ლარის კურს­­ზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

ლარის კურსის ცვლილების ანალი­ზისთვის მნიშვნელოვანია საქართვე­ლოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე. 9 მარტს ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა. მაისიდან ოქტომბრამდე პირი­ქით, ჯამში 375 მლნ დოლარი იყიდა, რომ კურსის გამყარების ტემპი შეემცირები­ნა. მიუხედავად ამისა, მაისის შემდეგ ლარი მაინც 11%-ით გამყარდა.

2022 წლის დეკემბერში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ლარის სა­შუალო გაცვლითი კურსი 13.3%-ით იყო გამყარებული.

საგარეო ვაჭრობა

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართ­­ველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედა­რებით 32.2%-ით გაიზარდა. ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა და 5 მილიარდი დო­ლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 32.4%-ით გაიზარდა და 12 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ზრდა ძირითადად შემ­­დეგმა პროდუქტებმა განაპირობა: მსუბუქი ავტომობილები (ზრდა 345 მლნ დოლარი), სპილენძის მადნები და კონ­­ცენტრატები (ზრდა 183 მლნ დოლარი), აზოტოვანი სასუქები (ზრდა 151 მლნ დო­ლარი), ელექტროენერგია (ზრდა 68 მლნ დოლარი), ფეროშენადნობები (ზრდა 40 მლნ დოლარი) და ღვინო (ზრდა 16 მლნ დოლარი).

ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყვე­ლაზე მეტად გაიზარდა სომხეთში (ზრდა 270 მლნ დოლარი), ბულგარეთში (ზრდა 152 მლნ დოლარი), პერუში (ზრდა 122 მლნ დოლარი), ყაზახეთში (ზრდა 116 მლნ დოლარი) და აშშ-ში (ზრდა 107 მლნ დოლარი).

იმპორტის ზრდა ყველაზე მეტად მსუ­ბუქმა ავტომობილებმა და ნავთობპრო­დუქტებმა (საწვავი) განაპირობა. ავტო­მობილების იმპორტი 551 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო საწვავის იმპორტი – 498 მლნ დოლარით. ბუნებრივი აირის იმპორტი 88 მლნ დოლარით გაიზარდა.

ქვეყნების მიხედვით იმპორტი ყვე­ლაზე მეტად რუსეთიდან გაიზარდა – 679 მლნ დოლარით და 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ევროკავშირიდან იმპორტი 624 მლნ დოლარით გაიზარდა, თურქეთიდან – 536 მლნ დოლარით, აშშ-დან – 241 მლნ დოლარით, ჩინეთიდან – 227 მლნ დოლარით და სომხეთიდან – 163 მლნ დოლარით.

იანვარ-ნოემბერში სავაჭრო დეფი­ციტმა 7 მილიარდ დოლარამდე შეადგი­ნა, რაც 2021 წლის 11 თვის დეფიციტზე 1.7 მილიარდი დოლარით მეტია.

ტურიზმი და ფულადი გზავნილები

2021 წელს ტურიზმზე ჯერ კიდევ მნიშვნე­ლოვანი გავლენა ჰქონდა პანდემიას და პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდ­­ვებს. 2022 წლიდან შეზღუდვების თანდა­თან მოხსნა დაიწყო და ზაფხულისთვის სრულად მოიხსნა.

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქარ­­თველოში 1.7 მლნ ვიზიტორი ჩამოვი­და, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში კი თითქმის 3-ჯერ მეტი, 4.9 მლნ-მდე. მათ შორის, ტურისტი (ვინც საქართველოში მინიმუმ 24 საათს გაჩერდა) 3.3 მლნ იყო. 2019 წელთან შედარებით 2022 წელს 30%-ით ნაკლები რაოდენობის ტურისტი შემოვიდა, ანუ პანდემიამდელ რაოდე­ნობას ვერ დავუბრუნდით.

ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან, მლნ დოლარი

მონაცემების წყარო: საქსტატი

იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 998 ათასი რუსეთიდან შე­მოვიდა, 2021 წელთან შედარებით ზრდა 413%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარე­ბით 29%-ით ნაკლებია. შემდეგ თურ­­ქეთი მოდის 726 ათასი ვიზიტორით. მესამე ადგილზე სომხეთია 666 ათასით, მეოთხეზე ისრაელია 195 ათასით და მე­ხუთეზე უკრაინაა 156 ათასით.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ვიზიტორების რა­ოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს არ დაუბრუნდა, ვიზიტორებისგან მიღებულ­­მა შემოსავალმა მაინც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. 2019 წლის 11 თვეში საქართველომ ვიზიტორებისგან 3.1 მი­ლიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2022 წლის 11 თვეში 3.5%-ით მეტი – 3.2 მილიარდი დოლარი. 2019 წელთან შედარებით შემოსავლების ზრდა ინფ­­ლაციამ განაპირობა, ტურისტებს მეტი თანხა ეხარჯებათ. შემოსავალი ყველა­ზე მეტად – 651 მლნ დოლარით – რუსეთის მოქალაქეებისგან გაიზარდა. 207 მლნ დოლარით გაიზარდა თურქეთის მოქა­ლაქეებისგან და 177 მლნ დოლარით – ბე­ლარუსის მოქალაქეებისგან.

ეკონომიკაში 2022 წლის მთავარი მოულოდნელობა საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების გაორმაგება იყო. 2021 წლის 11 თვეში საქართველო­ში 2.1 მილიარდი დოლარი ჩამოირიცხა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3.8 მილიარდი დოლარი. იანვარ-მარტში გზავნილები თვეში საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ კი თვეში საშუა­ლოდ 104%-ით იზრდებოდა. თუ ცალ­­კე რუსეთიდან გზავნილებს ვნახავთ, აპრილ-ნოემბრის შუალედში 6-ჯერ გაიზარდა და 1.7 მილიარდი დოლარი შე­ადგინა. 2022 წელს საქართველოს მიერ გზავნილებით მიღებული თანხის ნახევა­რი რუსეთზე მოდის.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

დღეისათვის 2022 წელს საქართვე­ლოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი სამი კვარტა­ლის (იანვარ-სექტემბრის) სტატისტიკაა ცნობილი, რომლის მიხედვით, საქარ­­თველოში 1,676 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის ინვესტიციებ­­ზე 2-ჯერ მეტია. 2022 წლის 9 თვეში მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის 12 თვეში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მლნ დოლარი

მონაცემების წყარო: საქსტატი

ინვესტიციები ყველაზე მეტად ესპა­ნეთიდან (358 მლნ დოლარით), აშშ-დან (126 მლნ დოლარით), ირლანდიიდან (119 მლნ დოლარით) და ჩინეთიდან (94 მლნ დოლარით) გაიზარდა.

სექტორების მიხედვით, 2022 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში შემოვიდა – 418 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი 324 მლნ დოლარით და ენერგეტიკა 322 მლნ დოლარით. ყველაზე მცირე ინვესტიცია სამთომოპოვებით მრეწველობაში გან­­ხორციელდა – 2.4 მლნ დოლარი. ინვეს­­ტიციების ყველაზე დიდი კლება (-18 მლნ დოლარი) ჯანდაცვაში დაფიქსირდა.

სახელმწიფო ბიუჯეტი და ვალი

რადგან 2022 წელს ეკონომიკა გაცილე­ბით მეტად გაიზარდა, ვიდრე თავდა­პირველი პროგნოზი იყო და, ამასთან ერთად, ინფლაციამაც მოსალოდნელზე მეტი შეადგინა, სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაპირველ გეგმაზე გაცილებით მეტი თანხა შევიდა. კერძოდ, ბიუჯეტის შე­მოსულობები 600 მლნ ლარით გაიზარ­­და და 20.5 მილიარდი ლარი შეადგინა. შემოსულობების ზრდა ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდამ განაპირობა, რომელიც 492 მლნ ლარით გაიზარდა.

ბიუჯეტის გადასახდელები (ფართო გაგებით ხარჯები) 507 მლნ ლარით გაი­ზარდა. დაფინანსება მნიშვნელოვნად გაეზარდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – 330 მლნ ლარით და ოკუპირებული ტერიტორიები­დან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამინისტ­­როს – 95 მლნ ლარით.

მოსალოდნელზე მეტმა ეკონომიკურ­­მა ზრდამ და ბიუჯეტის შემოსავლებმა 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3.2%-მდე შეამცირა, როცა თავ­­დაპირველად 4.4%-ით იყო მოსალოდ­­ნელი.

საქართველოს მთავრობის ვალი

მონაცემების წყარო: საქსტატი

2022 წლის 11 თვეში (იანვარნოემბერში) მთავრობის ვალი 2.6 მილი­არდი ლარით შემცირდა და 30 ნოემ­­ბრის მდგომარეობით 27.2 მილიარდი ლარი შეადგინა. მთავრობის ვალის შემცირება საგარეო ვალის შემცირე­ბამ და ლარის გამყარებამ განაპირობა. იანვარ-ნოემბერში საგარეო ვალი 248 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ლა­რის გამყარების გამო, ლარში გამოსახუ­ლი საგარეო ვალი 3.6 მილიარდი ლარით შემცირდა. მთავრობის საშინაო ვალი კი 1 მილიარდი ლარით გაიზარდა.

ნოემბრის ბოლოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 37.7%-იყო. 2021 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის მი­მართ 49.5% იყო. მშპ-ის მიმართ ვალის ფარდობის შემცირებას ხელი შეუწყო როგორც ლარში გამოსახული ვალის შემცირებამ, ასევე ეკონომიკის (მშპ-ის) ზრდამ.

2023 წლის გამოწვევები

2023 წლის მთავარი ეკონომიკური გამოწვევა კვლავ ინფლაციის დონის შემცირებაა, ფასების ზრდის ტემპი მნიშ­­ვნელოვნად უნდა შემცირდეს. თუ გა­ვითვალისწინებთ იმას, რომ 2022 წლის მაღალ ინფლაციას 2023 წელს საბაზისო ეფექტი ექნება (გაძვირება ართულებს კიდევ მეტად გაძვირებას) და ამასთან ერთად მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მნიშვნელოვნად გამკაცრებული მონეტა­რული პოლიტიკა აქვთ, წელს ინფლაციის დონე საგრძნობლად უნდა შემცირდეს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი გრძელდება და პროგნოზირება გართუ­ლებულია.

თუ მსოფლიოში გასულ წელთან შე­დარებით სტაბილური ფასები იქნება, ინფლაციის დონე კლებას დაიწყებს და ეროვნულ ბანკს მიეცემა საშუალება, საკმაოდ გამკაცრებული მონეტარუ­ლი პოლიტიკა თანდათან შეარბილოს, მნიშვნელოვნად დასწიოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.

2022 წელს ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა, თუმცა გამყარებას საკმაოდ სპეციფიკური მიზეზი ჰქონდა – უცხოური ვალუტის მოულოდნელი ნაკადები, რაც, რამდენად შენარჩუნდება, არ ვიცით. თუმცა ამავე დროს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 10%-ით გაიზარდა და ბანკი, აუცილებლობის შემ­­თხვევაში, ლარის კურსის სტაბილურო­ბისთვის გაყიდის.

2022 წლისთვის საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 5%-ით ზრდას პროგნოზირებს, რაც მაღალი მაჩვენე­ბელი არ არის, მაგრამ აქაც გაურკვევ­­ლობა მაღალია. ჯერჯერობით გასულ­­მა წელმა აჩვენა, რომ საქართველოს ეკონომიკის დონე ამაღლდა, მაგრამ რა ფაქტორებმაც ეკონომიკური ზრდა დააჩქარა (მაგალითად, ფულადი გზავ­­ნილები), ეს ფაქტორები შესაძლოა, ერთჯერადი იყოს და 2023 წელს აღარ გაუმჯობესდეს. ამ ეტაპზე არავინ იცის, უფრო მეტი მიგრანტი შემოვა საქართ­­ველოში და მეტ ფულს შემოიტანენ, თუ პირიქით, ან ომი როდის დასრულდება და პირიქით, უფრო ფართო მასშტაბებს ხომ არ მიიღებს.

Previous Post

პირველადი  ჯანდაცვის ლიდერი — ინტერვიუ გიორგი გორდაძესთან

Next Post

JCB-ის სტანდარტით კავკასიის ქვეყნებში – ბრიტანულ ბრენდს რეგიონში TEGETA CONSTRUCTION EQUIPMENT-ი წარმოადგენს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
JCB-ის სტანდარტით კავკასიის ქვეყნებში – ბრიტანულ ბრენდს რეგიონში TEGETA CONSTRUCTION EQUIPMENT-ი წარმოადგენს

JCB-ის სტანდარტით კავკასიის ქვეყნებში - ბრიტანულ ბრენდს რეგიონში TEGETA CONSTRUCTION EQUIPMENT-ი წარმოადგენს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Recent News

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result