აშშ-ის ეკონომიკა რეცესიის სერიოზული რისკის ქვეშ რჩება, რომელიც, სავარაუდოდ, მინიმუმ მომავალი წლისთვისაც შენარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ეკონომისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ბიზნეს-ეკონომისტთა ეროვნული ასოციაციის მიხედვით, ამერიკის ეკონომიკა პანდემიამდელ მდგომარეობას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება. ასევე, ასოციაციის ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აშშ-ში დასაქმების მაჩვენებელი მინდინარე წლის თებერვლის მონაცემებს მხოლოდ 2022 წლის დასაწყისისთვის დაუახლოვდება.
გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უპრეცედენტო მასტიმულირებელი პაკეტი წარადგინა პანდემიისგან გამოწვეული რეცესიის შესაჩერებლად, მაგრამ ექსპერტების 40% მიიჩნევს, რომ აღნიშნული დახმარება არ იყო საკმარისი, ხოლო 37%-ის მოსაზრებით, აშშ-ის მთავრობამ ადეკვატური რეაგირება მოახდინა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობის პირველმა მასტიმულირებელმა პაკეტმა მარტში 2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ამასთანავე, ექსპერტთა ნაწილი ელის, რომ ახლო მომავალში მთავრობა კიდევ 1 ტრილიონიან ან უფრო მეტი მოცულობის დახმარების პაკეტს წარადგენს.










