Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home Forbes EDU

შეუსრულებელი მისია: რატომ ვერ ვითარდება უმაღლესი განათლების სისტემა?

by Davit Tsiramua
June 4, 2024
in Forbes EDU, მოსაზრება, ოპედი, საქართველო, ყველა სიახლე
0
შეუსრულებელი მისია: რატომ ვერ ვითარდება უმაღლესი განათლების სისტემა?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

აქ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობისა და მასზე დაკვირვების შედეგია. შემოთავაზებული საკითხები გამიზნულად არ ითვალისწინებს არგუმენტებს სისტემაში პოპულისტური თუ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების შესახებ, იმისთვის, რომ შესაძლებლობა მოგვეცეს, ამ დომინანტური მოსაზრებების მიღმა გავაანალიზოთ ქვეყნის უმაღლეს განათლებაში არსებული გამოწვევები.

2022 წელს სამინისტრომ 2022 – 2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა. დიდი განხილვა ამ დოკუმენტს არ მოჰყოლია არც პოლიტიკის ანალიტიკოსებისგან, არც განათლების მესვეურებისა თუ აქტივისტებისგან. გულახდილად რომ ვთქვათ, მსჯელობა არც წინა სტრატეგიას მოჰყოლია. და ზოგადად, განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები დიდი ხანია, არ გამხდარა სიღრმისეული და თანამიმდევრული განხილვის საგანი. უმაღლეს განათლებაში არსებული საკითხების პრობლემატიზაცია კი საერთოდ იშვიათად ხდება, აქა-იქ გამოჩენილ სტუდენტურ პროტესტს თუ არ ჩავთვლით.

ეს იმას მიანიშნებს, რომ საჯარო პოლიტიკის სივრცეში უმაღლეს განათლებას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, საგანმანათლებლო საზოგადოება კი ყოვლისმომცველი მოუცლელობისა და ნიჰილიზმის გახანგრძლივებულ ფაზაშია.

შე­უძ­ლია თუ არა უნი­ვერ­სი­ტეტს ამ გა­რე­მო­ე­ბის შეც­ვ­ლა?

ჩვენი დღევანდელობის მკაფიო მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ საჯარო პოლიტიკის განხილვის სივრცეები გაქრა. არასამთავრობო სექტორი თითქოს არ არის ამით დაინტერესებული, ანალიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციებიც ვერ მოძლიერდნენ. ვერც სახელმწიფო სექტორი ქმნის ხარისხიან ანალიტიკურ პროდუქტს.

უმაღლესი განათლების პოლიტიკის სამეცნიერო ლიტერატურა გვეუბნება, რომ მსგავსი სივრცე უნივერსიტეტებში უნდა იქმნებოდეს და ფუნქციონირებდეს, რადგან აქ იყრის თავს აკადემიური ცოდნა და კომპლექსური ანალიზის უნარი. ამასთან, უნივერსიტეტების როლიც ის არის (უნდა იყოს) საზოგადოებაში, რომ მიუკერძოებელი ანალიზის პლატფორმას წარმოადგენდნენ და აზრთა გაცვლის შესაძლებლობას იძლეოდნენ. ეს, თავად უნივერსიტეტის შინაგანი დანიშნულების გარდა, იმასაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებების მიმღებები, პოლიტიკის განმახორციელებლები თუ მისი შემფასებლები უნივერსიტეტებში შექმნილ ანალიტიკურ პროდუქტს უნდა იყენებდნენ.

საქართველოში დღეს უნივერსიტეტები ასე არ პოზიციონირებენ. უნივერსიტეტებს მრავალგანზომილებიანი ანალიტიკოსის როლი არა აქვთ საჯარო სივრცეში. აქ იშვიათად იმართება დისკუსიები საჯარო პოლიტიკის სფეროებში არსებული პრობლემატური საკითხების თაობაზე და ნაკლები ხილვადობა აქვს იმას, ატარებს თუ არა უნივერსიტეტი რელევანტურ კვლევებს და ქმნის თუ არა ანალიტიკურ პროდუქტს ამ მიმართულებით. იმ დროს, როდესაც საჯარო სექტორის რეფორმის მთავარი ხაზი მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაა, უნივერსიტეტის მიერ ამ ანალიტიკური სივრცის აუთვისებლობა დიდი დანაკლისია.

ეს, თავის მხრივ, კიდევ ერთ საგულისხმო დანაკლისზე მიგვითითებს. საქართველოში უნივერსიტეტმა განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესებში დამოუკიდებელი სუბიექტის ადგილი ვერ დაიკავა. უნივერსიტეტი, სულ მცირე, უმაღლესი განათლების პოლიტიკის განხილვაში საკვანძო როლს უნდა ასრულებდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. პირიქით, ამჟამად უნივერსიტეტი ცენტრალურ დონეზე დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი პასიური მიმღებია და როგორც მიმღები, ცდილობს, შემოთავაზებულ პოლიტიკას მოერგოს და დაწესებულ ჩარჩოებში მოახერხოს ნაკლები დანაკარგით ფუნქციონირება. ასე გვევლინება უნივერსიტეტი მისი რედუქციონისტული ფორმით, მხოლოდ და მხოლოდ „კვალიფიციური კადრის” მოსამზადებელ ორგანიზაციად. უმაღლესი განათლების მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტები, ისევე როგორც გავრცელებული რიტორიკა, სწორედ დასაქმებასა და ბაზრის მოთხოვნაზე აკეთებს აქცენტს. ამისკენაა მიმართული ახლახან დაანონსებული ცვლილება სისტემაში – ოთხწლიანი საბაკალავრო სწავლებიდან რიგ სფეროებში სამწლიანზე გადავიდეთ და, შესაბამისად, „უფრო სწრაფად გავიდეს კურსდამთავრებული სამუშაო ბაზარზე”. ამაზე ამახვილებს ყურადღებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ქვეყანაში, სადაც ხაზი აქვს გასმული დასაქმების (დასაქმებადობის) დონესა და დამსაქმებლებთან მჭიდრო კავშირს. და ამავეზე აკეთებს აქცენტს 2022 – 2030 წლების განათლების ერთიანი სტრატეგია, სადაც უმაღლესი განათლების პირველი სტრატეგიული მიზანი „სტუდენტის პიროვნული განვითარება და შრომის ბაზრისთვის მომზადებაა”.

აქვს თუ არა სტრა­ტე­გი­ას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა?

სტრატეგია ვახსენე და აქვე დავამატებ – კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ახალი ან 2017 – 21 წლების სტრატეგიის განხილვა არ მომხდარა, არის თითქოს უთქმელი შეთანხმება საგანმანათლებლო საზოგადო­ებაში, რომ ეს დოკუმენტები არ განსაზღვრავს სექტორის რეალურ პოლიტიკას. ამ დოკუმენტებით თავად პოლიტიკის განმახორციელებლებიც იშვიათად ხელმძღვანელობენ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, მაგალითად, უმაღლესი განათლების სისტემაში პროცესები ამ დოკუმენტის ან მისი წინამორბედის მიხედვით ნაკლებად თუ მიმდინარეობს. ხშირად პირიქით ხდება, მოვლენები სხვადასხვა ინტერესისა თუ საჭიროების შესაბამისად ვითარდება და შემდეგ ის სტრატეგიაში არსებულ მიზნებს და ინდიკატორებს ერგება ხოლმე.

სისტემის დონეზე სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა რამდენიმე წელია, დავიწყეთ, თუმცა მათი ქმედითობა კვლავ სათუოა. ამ დოკუმენტებში ძირეული ცვლილებები არ არის ხოლმე ასახული, ან სამოქმედო გეგმაში ასახული საქმიანობები არ ან ვერ ხორციელდება. პირველი შემთხვევის ნათელი მაგალითია სტრუქტურულად ნიშანდობლივი ახლანდელი ცვლილება, რომლის ფარგლებშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ახალგაზრდობის პოლიტიკა დაემატა. თუმცა ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცვლილება 2022 – 2030 წლების სტრატეგიაში აღნიშნული არ არის. რაც შეეხება სამოქმედო გეგმის მიხედვით საქმიანობის წარმართვას, საკმარისია, წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამის მონიტორინგის ანგარიშს გადავხედოთ, სადაც სისტემაში მიმდინარე სამუშაო წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით არ არის შეფასებული და ტექსტის ერთიანი გზავნილი ის არის, რომ ამ სტრატეგიით განსაზღვრული სამუშაოები დაწყებულია და შედეგი მომავალ წლებში გამოჩნდება.

საჯარო პოლიტიკის თეორეტიკოსებს თუ დავუჯერებთ, მსგავსი ქცევა მოსალოდნელია ახალ/მყიფე დემოკრატიებში, სადაც სახელმწიფო მართვის ინსტიტუციები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ასეთ გარემოში ახლად შემოტანილი ინსტიტუციების დანიშნულება ბუნდოვანია. ამდენად, ხშირ შემთხვევაში, მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება არ ხდება და პროცესები სხვა, უკვე ნაცადი გზებით იმართება. ასე რომ, განათლებისა და მეცნიერების გაერთიანებული მრავალწლიანი სტრატეგიის, როგორც სექტორის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმძღვანელო დოკუმენტის დანიშნულება არც ჩვენ გვაქვს გაცხადებული. შესაბამისად, თუ ისეთი საკვანძო საკითხი, როგორიცაა სამინისტროს მანდატის გაზრდა, არ ყოფილა სტრატეგიით გათვალისწინებული, ეს არავის უკვირს. ბოლო თუ 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში ბევრს არაფერს გვეუბნება ერთ წელიწადში შესრულებული სამუშაოს შესახებ, ამასაც დიდად არ ვაქცევთ ყურადღებას.

გვაქვს თუ არა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ხედ­ვა?

მყიფე და არასტაბილურ სისტემებს კიდევ ერთი მახასიათებელი აქვთ – მოკლევადიანი გადაწყვეტილებები გადაწონის გრძელვადიანს. ჩამოუყალიბებელ სისტემებში საკითხის პრიორიტეტულობა მისი გადაუდებელი ხასიათით აიხსნება. ხოლო გადაწყვეტილების მიმღებები დროის მუდმივ დეფიციტს განიცდიან და საკითხის გადაჭრის უმოკლეს გზებს ეძიებენ.

ეს ახსნა კარგად ერგება განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში.

ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ: სადოქტორო კვლევის ფარგლებში, 2009-2010 წლებში სამინისტროს თანამშრომლებთან მქონდა ინტერვიუები. საკუთარ გამოცდილებაზე საუბრისას მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ მითხრა – თავი მეხანძრე მგონიაო. ზუსტად იმავე სიტყვებით ახასიათებდნენ საკუთარ გამოცდილებას სისტემაში გადაწყვეტილების მიმღებები 2014 წელს, ისევე როგორც 2020-ში, როცა ეს კითხვა განმეორებით დავუსვი რამდენიმე მათგანს.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ დღემდე სისტემა უმწიფარ მდგომარეობაშია, გადაწყვეტილების მიმღებებს ყოველდღიურად ფორსმაჟორულ გარემოში მუშაობა და პრობლემის მყისიერი გადაჭრა – ხანძრის ჩაქრობა უწევთ. თუმცა რამდენად რელევანტური თუ ეფექტიანია ეს მყისიერი გადაწყვეტილებები, ამის შეფასება ნაკლებად ხდება. ეს კი იმავე პრობლემის განმეორების ალბათობას ზრდის. შესაბამისად, სისტემაში მრავლად გვაქვს „მოგვარებული” პრობლემები და არა სტრატეგიულად განსაზღვრული მიმართულებები და საკითხების გადაჭრის გრძელვადიანი გამოსავლები. ასეთია, მაგალითად, რამდენიმე თვის წინ შემოთავაზებული სამთავრობო ინიციატივა, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასური აენაზღაურებინათ/გაებათილებინათ. ხოლო იმის საფუძვლიანი გამოკვლევა, თუ რა არის რეალური მიზეზი სტუდენტების სტატუსის შეჩერების ან შემდგომ, აღდგენისთვის რა ტიპის მხარდაჭერაა შესათავაზებელი, არ მომხდარა.

ეს გან­ვი­თა­რე­ბის პირ­ვე­ლი ფა­ზა­ა?

ზემოთ შემოთავაზებული რამდენიმე საკითხი არ არის სიახლე და შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ყოველივე ეს სისტემის განვითარების პროცესში ერთ-ერთი ფაზაა. თუმცა დასაფიქრებელი აქ ის არის, რომ 2004 წლის შემდეგ ვითარება არ შეცვლილა, სისტემა მყიფე, არასტაბილური მდგომარეობიდან მდგრადი განვითარების ფაზაზე ვერ გადადის. საგანმანათლებლო სისტემა განვითარების ამ მყიფე და არასტაბილურ მდგომარეობაში გაიყინა, სადაც გადაწყვეტილების მიმღებები ფორსმაჟორში მუშაობაში დახელოვნდნენ, უნივერსიტეტები სისტემაში პასიური სერვისის მიმწოდებლები არიან და უმაღლეს განათლებაში მიმდინარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროცესების პრობლემატიზაცია არ ხდება.

Previous Post

სიმარტივე, სტაბილურობა, განვითარება

Next Post

განათლების ციფრული ტრანსფორმაციის ლოდინში

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
განათლების ციფრული ტრანსფორმაციის ლოდინში

განათლების ციფრული ტრანსფორმაციის ლოდინში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result