Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება

შერეული ბრძოლა მომავლისთვის

by Davit Tsiramua
March 18, 2024
in მოსაზრება, მსოფლიო, ოპედი, საქართველო, სპორტი, ყველა სიახლე
0
შერეული ბრძოლა მომავლისთვის
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„ჩვენ მთვა­რე­ზე მივ­ფ­რი­ნავთ, რადგან ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ათ­ში დევს, მი­იღოს გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ეს ჩვენ ბუნებისგან გვაქვს, შინაგანი მოთხოვნილება გვიბიძგებს, ისევე როგორც თევზი დაცურავს დინების წინააღმდეგ“ – ნილ არმსტრონგს, პირველ ადამიანს მთვარეზე, ბევრი წლის წინ აქვს ეს ნათქვამი. ადამიანი და გამოწვევა, უფრო სწორად – ადამიანი გამოწვევის წინაშე, ალბათ ყველაზე საინტერესო რამ არის, რაც შეიძლება ამ ცხოვრებაში ნახო.

სპორტი ადამიანს და გამოწვევას, მის ბრძოლას, ტკივილს, ტრაგედიას და გამარჯვებას ლეგალურ, უწყინარ ჩარჩოში სვამს. მისგან სანახაობას, ზეიმს ქმნის, თანაც ისე, რომ დაპირისპირების, ბრძოლის სულს არ კარგავს. შემთხვევითი არ არის, რომ სპორტისა და შეჯიბრის, აგონის დაბადება, თავდაპირველად ძველ ბერძნულ საზოგადოებაში ხდება, ანუ იმ სამყაროში, რომელსაც ადამიანი, როგორც ინდივიდი, მისი შესაძლებლობების ზღვარი, ყველაზე მეტად აინტერესებს. არც ის არის შემთხვევითი, რომ უკვე ახალ დროში, ჩვენს ეპოქაში სპორტის თითქმის ყველა დიდი და ტრადიციული სახეობა ბრიტანულ კულტურაში დაიბადა – იმ ცივილიზაციაში, რომელსაც გამოწვევის, კონკურენციის, შეჯიბრებითობის განსაკუთრებული განცდა აქვს.

ბრძოლა, ორი ადამიანის მუშტებით დაპირისპირება, სპორტის ყველაზე ძველი და ყველაზე ნაღდი სახეობაა. აქ გუნდი კი არა, ადამიანია მთავარი. აქ გამარჯვებაც და დამარცხებაც უფრო თვალსაჩინოა, უფრო მარტივად აღსაქმელი, უფრო ლოგიკური – ტკივილიც მეტია და გამარჯვების სიხარულიც. ბრძოლის, და არა თამაშის, სული ამ ტიპის სპორტის სახეობებმა ყველაზე მეტად შემოინახა. შეიძლება კვირაში ორჯერ ან სამჯერ ითამაშო, მაგრამ ვერ იბრძოლებ. ბრძოლა დიდი და ცხოვრებისეული ამბავია. იქ ერთმა დარტყმამ შეიძლება მთლიანად შეგცვალოს, შეცვალოს შენი მენტალობა, თვითაღქმა, ფსიქოლოგია, ფსიქიკა. ჯორჯ ფორმენი მუჰამედ ალის იმ ცნობილ დარტყმამდე სხვა ადამიანი იყო და იმ დარტყმის შემდეგ კი სხვა კაცი და სხვა მებრძოლი გახდა.

შერეული ბრძოლების მუდამ მზარდი პოპულარობის საიდუმლოც ამაშია. ყიდის ბრძოლას, ყიდის ომს, თუმცა ყიდის ისე, რომ შიგნით სხვადასხვა საზღვარი, შეზღუდვა, აკრძალვა, მოხსნილია. საბრძოლო სპორტის სხვადასხვა სახეობა არეულია. გამარჯვებისთვის შეგიძლია ჭიდაობის ილეთსაც მიმართო, კრივის დარტყმაც გამოიყენო, ფეხიც მოიშველიო და მტკივნეული ილეთიც. თავისი არსით სპორტის ეს სახეობა პირველყოფილ ბრძოლასთან, როდესაც გამარჯვებისა თუ დამარცხებისათვის ყველაფერი მოსულა, ყველაზე ახლოს არის.

სხვადასხვა სტილის, ტექნიკის, სტრატეგიისა და განსხვავებული ათლეტიზმის შეჯახება განსაკუთრებით საინტერესო სანახავია. ეს მის არაპროგნოზირებადობასაც განაპირობებს. თითქმის ყველა მებრძოლს აქვს რაღაც თავისი განსაკუთრებული, უნიკალური იარაღი, რითაც შეიძლება, მოგერიოს. შეიძლება მეტოქეს კრივში ბევრად სჯობიხარ, მაგრამ მისი სტილიდან გამომდინარე იცი, რომ თუკი პარტერში ჩაგიყვანა, ანუ დაგაგდო, მერე უკვე უპირატესობა მისია. ვეღარც ადგები იქიდან. ამიტომ შანსი ყოველთვის არის, ყველას თავისი უპირატესობა აქვს და გამარჯვებასა და დამარცხებას შორის ზღვარი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე სპორტის სხვა სახეობაში. ფეხბურთში შეიძლება ერთი შემთხვევითი გოლი გაუშვა და თუკი მეტოქეზე უკეთესი ხარ, მატჩის მოტრიალება შეგიძლია. ჩოგბურთსა და კალათბურთშიც მეტოქისგან ერთი დარტყმის ან ერთი სროლის გატარება ტრაგედია ნამდვილად არ არის. სპორტის ამ სახეობაში კი ერთი დარტყმა, ერთი წამი ყველაფერს ცვლის. მისი შედეგების გამოსწორება აღარ შეგიძლია – ნოკაუტში ხარ, „გძინავს“, დასრულდა.

სწორედ ამიტომ დანა უაითი და მისი UFC თითქმის ყოველ კვირას ახერხებს, რომ ძალიან კონკურენტული, არაპროგნოზირებადი და თანაბარი ბრძოლები შექმნას და გაყიდოს. იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრ სპორტის სახეობას, მაგალითად, ფეხბურთს, კონკურენციის შენარჩუნება უჭირს და გრანდებს, მდიდრებს, ფავორიტებსა და აუტსაიდერებს, სუსტებს, ღარიბებს შორის სხვაობა მუდამ იზრდება, ანუ კონკურენცია კლებულობს, UFC-ს, ანუ შერეული ბრძოლების მთავარ და ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციას პრაქტიკულად ყოველ კვირას აქვს რამდენიმე ბრძოლა, რომლის არათუ შედეგი, არამედ სცენარი, ბრძოლის მიმდინარეობაც კი რთულად პროგნოზირებადი და კონკურენტულია. ამიტომაც არის ალბათ ყველაზე მზარდი სპორტის სახეობა, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში.

ამას ისიც განაპირობებს, რომ ეკონომიკური, ფინანსური ფაქტორი ამ სპორტის სახეობაზე ყველაზე ნაკლებად აისახება, ყველაზე ნაკლებ გავლენას ახდენს. ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთისა და სხვა სპორტის დიდი სახეობების პროფესიონალიზაციამ, დიდი ფულის შესვლამ ეს სახეობები დიდ ინდუსტრიებად, კომპლექსურ ბიზნესებად, მეცნიერებებად აქცია. მათი კეთება და წარმატების მოპოვება ძვირი და კომპლექსური საქმიანობაა. მხოლოდ ნიჭი და მონდომება არ კმარა, ბევრი სხვადასხვა ფაქტორის ბევრი წლის მანძილზე განვითარება და დახვეწა გჭირდება. შერეულმა ბრძოლებმა სპორტისთვის სახასიათო უბრალოება და ხალხურობა ყველაზე მეტად შეინარჩუნა. ნებისმიერმა ქართველმა ბავშვმა იცის, რომ მიმოხილვად მომავალში თბილისის „დინამოსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს და ვერც საქართველოს ნაკრებთან ერთად გახდება მსოფლიო ჩემპიონი. ეკონომიკური ფაქტორი იმდენად დიდია, მდიდრებსა და ღარიბებს, უფრო და ნაკლებად განვითარებულებს შორის დისტანცია იმდენად მზარდია, რომ ეს არარეალისტური ოცნებაა.

აი ის, რომ შემდეგი ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი ანდაც გიგა ჭიკაძე იყო, ყველასთვის შესაძლებელი და მიღწევადი ოცნებაა. ეს ოცნება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული – სიღარიბე, ეკონომიკური ფაქტორი ხელს უფრო ნაკლებად გიშლის.

სწორედ ამიტომ შერეული ბრძოლები მისი პოპულარობის, მზარდი ფინანსებისა და დიდი მედიაინტერესის მიუხედავად, მაინც ყველაზე ნაკლებად არაელიტური, ნაკლებად ნიშური სპორტის სახეობაა. იქ გზა ყველასთვის ხსნილია. მეტიც, როგორც ზემოთ გითხარით, ეს თამაში კი არა, ბრძოლაა. თუ ამის შინაგანი მოთხოვნილება არ გაქვს, თუ ეს შენი ცხოვრების წესი არ არის, მებრძოლი უბრალოდ ვერ იქნები. ინდუსტრია მებრძოლად ვერ გაქცევს. სხვის მუშტებს ყოველდღე თავს ვერ შეუშვერ. ამიტომაც ამ სპორტში მართლა მაგარი ბიჭები მოდიან, ცხოვრების განსაკუთრებული გზით და წარმოუდგენელი ისტორიებით. ადამიანურად საინტერესოა.

ვინ არიან ამ სპორტის უდიდესი ვარსკვლავები?! კონორ მაკგრეგორი – დუბლინელი უბრალო ბიჭი სახიფათო უბნიდან, ირლანდიურ მაფიასთან ურთიერთობისა და დაპირისპირების ისტორიით, თვიდან თვემდე სულ რამდენიმე ასეულ ევროდ რომ ცხოვრობდა და თვითგადარჩენისათვის ბრძოლა უწევდა. ხაბიბ ნურმაგომედოვი – დაღესტნის მთებში დათვებთან ჭიდაობაში გაზრდილი ბიჭი; ძმები დიასები, მართლა ქუჩის ბიჭები, ძალიან საშიში კალიფორნიული სტოქტონიდან; ძალიან ნაღდი, ავთენტური და საინტერესო ცხოვრებისეული გზები და ისტორიებია.

სხვა ფაქტორიც არის. სპორტის ამ სახეობამ ყველაზე მეტად შეინარჩუნა ადამიანი. გლობალურობის, მასკულტურის ეპოქაში ის ათლეტს, პროფესიონალს კი არა, პირველ რიგში ადამიანს ყიდის, ადამიანს ისეთს განახებს, როგორიც არის. შეგიძლია მეტოქეს დაჰპირდე, რომ ძვლებს დაამტვრევ. აი, ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუს ამას ნამდვილად ვერ დაჰპირდება – ეს პროფესიულ-მარკეტინგული კომპონენტი ბევრ სპორტის სახეობაში იმდენად დიდია, რომ სპორტსმენს, ათლეტს, აიძულებს გამოჩნდეს არა ისეთად, როგორიც არის, არამედ ისეთად, როგორიც უნდა, იყოს. ის ავთენტურობა და სინაღდე, რის გამოც დიეგო მარადონა სახალხო ფენომენია, მუჰამედ ალი კულტურულ მოვლენად იქცა და მაიკლ ჯორდანის ეშინოდათ, ჩვენს ეპოქაში სულ უფრო ნაკლებად გვხვდება და თუ გვხვდება, შეფუთული და დამალულია.

დანა უაითი, პირიქით, მიხვდა, რომ ადამიანზე საინტერესო ამ სამყაროში არაფერია და ეს ცოტა პრიმიტიული, მაგრამ ნაღდი, ავთენტური და ადამიანური კომპონენტი სრულად შეინარჩუნა და სპორტის ამ სახეობის კულტურისა და ესთეტიკის ნაწილად აქცია.

შემთხვევითი არ არის, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოში გამოგვდის კიდეც და თან სულ უფრო პოპულარული ხდება. ამაში მგონია, რომ ჩვენი ეთნომენტალიტეტიც გვეხმარება. ქართველებისთვის ისტორიულად, ტრადიციულად, კულტურულად ინდივიდუალური ბრძოლა, შერკინება ძალიან შინაური საქმეა. უფრო რთული, გუნდური, ორგანიზაციული, კომპლექსური სახეობები და საქმიანობები სპორტშიც ნაკლებად გვეხერხება და საზოგადოებრივ თუ სახელმწიფოებრივ სივრცეშიც.

ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, რომან დოლიძე არა მხოლოდ UFC-ს ვარსკვლავები არიან, არამედ თავიანთი სტილით, მენტალიტეტით, ხასიათით ძალიან ქართულ, ჩვენი მენტალობისა თუ ხასიათისთვის მარტივად აღსაქმელ, შინაურ, ძვირფას ხალხად რჩებიან. სახალხო ვარსკვლავები, იოლად გასაყოლი მაგალითები არიან.

არის ზემოთ ხსენებული ეკონომიკური ფაქტორიც. არცთუ ყველაზე დალხენილ ქვეყანაში, იცი, რომ წარმატების შანსი ამ სპორტის სახეობაში უფრო მეტია. ილია თოფურია ქამრის მფლობელია, ჩემპიონია, თავის წონაში მსოფლიოში საუკეთესოა, იმ კალიბრისა და იმ მასშტაბის ვარსკვლავია, რომ ესპანეთში, იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს და თავისი პროფესიული კარიერა განავითარა, სერხიო რამოსის, რაფაელ ნადალის და სხვა დიადების ტოლ-სწორი ათლეტია. წლის ბოლომდე ალბათ მერაბ დვალიშვილიც იბრძოლებს ქამრისთვის და ეს წელი ორი ქართველი ჩემპიონით შეიძლება დავასრულოთ. საჩემპიონო ამბებიდან შორს არ არის გიგა ჭიკაძე. ისეთი პირი უჩანს, რომ ქართველების რაოდენობა UFC-ში მხოლოდ მოიმატებს, მიღწევები და წარმატებებიც მხოლოდ მზარდი იქნება. ყველაფერი გვაქვს, სპორტის ამ უკვე ძალიან დიდ და სწრაფად მზარდ სახეობაში ჩვენი ადგილი რომ გვქონდეს.

დროა, სპორტის ამ სახეობას სერიოზულად შევხედოთ. ეს მუშტისა და ფეხების ქნევა არ არის – დიდი კულტურა და დიდი სამყაროა.

Previous Post

ევროპული ჰერალდიკა და საქართველო

Next Post

მზარდი სექტორის მზარდი ალფა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მზარდი სექტორის მზარდი ალფა

მზარდი სექტორის მზარდი ალფა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result