საუდის არაბეთმა სახელმწიფო მხარდაჭერით ახალი AI-კომპანია წარადგინა

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

საუდის არაბეთმა სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის კომპანია Humain-ი წარადგინა. Humain-ი სამეფოს AI-ჰაბად გადაქცევის ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილია. პროექტს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი უხელმძღვანელებს და მისი სუვერენული ფონდის, საჯარო საინვესტიციო ფონდის (PIF) მიერ დაფინანსდება.

გავრცელებული ინფორმაციით, Humain-ს Aramco Digital-ისა და Rakuten-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ტარეკ ამინი ჩაუდგება სათავეში. ამინმა სახელმწიფო ნავთობკომპანიის ტექნოლოგიური განყოფილების CEO-ს პოსტი დეკემბერში დატოვა. დეკემბერშივე ამინი პრინც მოჰამედ ბინ სალმანის ინიციატივას LinkedIn-ის პოსტის საშუალებით გამოეხმაურა: „ეს ინიციატივა, AI-ის მიმართულებით საუდის არაბეთის ეროვნულ სტრატეგიას გზას გაუხსნის და ჩემთვის პატივია, რომ ამ მისიის ხელმძღვანელობის შესაძლებლობა მაქვს“.

საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის განცხადებით, Humain-ი ხელოვნური ინტელექტის საკუთარ ტექნოლოგიას შექმნის,სამეფოს ეკონომიკაში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას წაახალისებს და მონაცემთა ცენტრების ახალ პროექტებს მოიზიდავს. წყაროთა ცნობით, Humain-ში ქვეყნის რამდენიმე სხვა მსხვილი კომპანიის, მათ შორის Aramco Digital-ის, Saudi Data & AI Authority-ისა (SDAIA) და Tonomus-ის თანამშრომლები დასაქმდებიან.

ცნობისთვის, Humain-ი 13 მაისს, საუდის არაბეთში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველ ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გაიხსნა. პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტი აშშ-ის კომპანიებს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება. მანამდე, მარტში, ტრამპმა პირობა დადო, რომ ამ ქვეყნებს იმ დათქმით  ეწვეოდა, რომ ამერიკულ ბიზნესებს ეს ტრილიონობით დოლარის ინვესტიციას მოუტანდა.

More to read