საიდან მიიღო Apple-მა III კვარტალში $94 მილიარდის შემოსავალი?

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა, 2025 ფინანსური წლის მესამე კვარტალის (რომელიც 28 ივნისს დასრულდა) ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში მისმა შემოსავალმა 94 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ეს, 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, კომპანიის მიერ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი კვარტალური ზრდაა.

როგორც აღმოჩნდა, ზრდის მთავარი მამოძრავებელი iPhone-ის გაყიდვები იყო. გასულ კვარტალში მისი გაყიდვებით მიღებული შემოსავალი 13.5%-ით გაიზარდა და 44.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც Apple-ის პროდუქტებსა და სერვისებს შორის კვარტალურ ზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილია. აღსანიშნავია, რომ Apple-ის iPhone-ის ბიზნესმა 2024 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავლის ნახევარზე მეტი დააგენერირა, 201.2 მილიარდი აშშ დოლარი.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, iPhone-ის გაყიდვების ზრდა ძირითადად მომხმარებლების ნეგატიურ მოლოდინს უკავშირდება. ისინი ელიან, რომ ჩინეთში წარმოებულ ელექტრონიკაზე აშშ-ში ახალი ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ iPhone-ის ფასები გაიზრდა, ამიტომ სმარტფონებს ნაადრევად აახლებენ. ზოგი კი ფიქრობს, რომ ამ ზრდაში გარკვეული წვლილი Apple-ის უახლესი მოდელების ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებსა და ელემენტის ხანგრძლივობის გაუმჯობესებასაც მიუძღვის.

ზრდითა და შემოსავლის სიდიდით მეორე ადგილზე Apple-ის სერვისების სეგმენტია (App Store, Apple Music, iCloud). ამ სეგმენტმა გასულ კვარტალში ტექნოლოგიურ გიგანტს 27.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს 13.3%-ით აჭარბებს. ცნობისთვის, 2024 წელს Apple-მა სერვისების სეგმენტიდან $96.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

აქვე აღსანიშნავია, რომ App Store-ის შემოსავლის დიდი ნაწილი ძირითადად აპლიკაციების საშუალებით განხორციელებულ ციფრულ შესყიდვებსა და გამოწერებზე მოდის. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს პრაქტიკა კრიტიკასაც იწვევს — 2024 წელს ევროკომისიამ Apple-ს 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა იმის გამო, რომ ის აპლიკაციების შემქმნელებს უკრძალავდა iOS-ის მომხმარებლების ინფორმირებას, თუ სად შეიძლებოდა მუსიკალური სერვისების უფრო იაფად გამოწერა Apple-ის ეკოსისტემის გარეთ.

Apple-ის III კვარტალის შემოსავლების განაწილება პროდუქტების მიხედვით: 

პროდუქტი Q3 შემოსავალი წლიური ზრდა (%)
📱 iPhone $44.6 მლრდ +13.5%
🛠️ სერვისები $27.4 მლრდ +13.3%
💻 Mac $8.0 მლრდ +14.8%
⌚ სატარებელი მოწყობილობები, სახლი და აქსესუარები $7.4 მლრდ -8.6%
📲 iPad $6.6 მლრდ -8.1%

More to read