პოლიტიკა

Salo Papalashvili

რომელი აპლიკაციები გადმოწერეს 2022 წელს ყველაზე მეტჯერ?

1 წუთის წასაკითხი

სწრაფად მზარდ, ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ მსოფლიოში მობილური აპლიკაციები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა აპლიკაციებმა ცხოვრების, მუშაობის, ერთმანეთთან ურთიერთობისა და გართობის გზები შეცვალა.

თუმცა მუდმივად განვითარებადი ციფრული სამყარო, მზარდ და ხშირად ცვალებად კონკურენციასთან გასამკლავებლად, წამყვანი აპლიკაციებისგან უახლესი ტენდენციების სწრაფადვე ათვისებას მოითხოვს. მაგალითისთვის, მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ ადამიანები სახლში გამოკეტა, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ გაცნობის, ფიტნესისა და სამუშაოსთან დაკავშირებულ აპლიკაციებზე.

იმ აპლიკაციების გამოსავლენად, რომელთაც 2022 წელს გლობალური მოსახლეობა ყველაზე ხშირად იწერდა, Business of Apps-ის მონაცემებია გამოყენებული.

ჩამოტვირთვების რაოდენობით აპლიკაციებს შორის ლიდერის სტატუსი ვიდეოპლატფორმა TikTok-მა შეინარჩუნა – 2022 წელს ჯამში 672 მილიონი ჩამოწერით. Business of Apps-ის ანგარიშით, კომპანიამ გააორმაგა წლიური შემოსავალიც, რომელმაც $9.4 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ TikTok-ი ჩინური კომპანიის ერთადერთი აპლიკაციაა, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე მსგავს წარმატებას მიაღწია. ამას კი, რიგ ქვეყნებში აკრძალვისა და რეგულაციების მიუხედავად ახერხებს. მაგალითად, Bytedance-ის ვიდეოპლატფორმა აკრძალულია ინდოეთში, უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე სამთავრობო მოწყობილობებში ჩინური სოციალური ქსელის გამოყენება შეიზღუდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირშიც.

2022 წელს ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაციების ხუთეულში სოციალური მედიის წარმომადგენლები ლიდერობენ. ამ მხივ გასაკვირიც არაა, რომ ყველაზე მეტი აპლიკაციით Meta-ს ვხვდებით, თუმცა მაშინ, როდესაც პირველ ხუთეულში Instagram-ი, Facebook-ი და WhatsApp-ი არიან, Facebook Messenger-მა მხოლოდ მეათე პოზიცია დაიკავა.

ამის გათვალისწინებით კი აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ Facebook Messenger-ის კონკურენციის გასაწევად შექმნილი შეტყობინებების cloud-აპლიკაცია Telegram-მა, 310 მილიონი გადმოწერით, მეხუთე ადგილის მოპოვება მოახერხა.

აქვე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ე.წ. შოპინგისთვის განკუთვნილი აპლიკაციებიდან ათეულში მოხვედრა მხოლოდ Shein-მა შეძლო. ეს უკანასკნელი ელექტრონული კომერციის ისეთ გიგანტებს უსწრებს, როგორიც Shopee (203 მილიონი) და Amazon-ია (195 მილიონი). მუსიკალური ინდუსტრიის წარმოადგენლებიდან კი ერთპიროვნული ლიდერი Spotify-ია, 2022 წელს ჯამში 238 მილიონი გლობალური ჩამოტვირთვით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კრიპტოპლატფორმები აღმოჩნდა, რომლის პოპულარობაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იზრდება. მართალია, კრიპტოვალუტის აპლიკაციებმა ორმოცდაათეულში მოხვედრაც ვერ მოახერხეს, თუმცა მათ შორის ლიდერი საკმაოდ სოლიდური, 64 მილიონი ჩამოტვირთვით Binance-ი გახდა, შემდეგ მოდის Crypto.com-ი – 41 მილიონი და Coinbase-ი – 40 მილიონი ჩამოტვირთვით.

აპლიკაცია სფერო ჩამოტვირთვები
TikTok გართობა 672 მილიონი
Instagram სოციალური ქსელი 547 მილიონი
Facebook სოციალური ქსელი 449 მილიონი
WhatsApp სოციალური ქსელი 424 მილიონი
Telegram სოციალური ქსელი 310 მილიონი
Subway Surfers თამაში 304 მილიონი
Stumble Guys თამაში 254 მილიონი
Spotify მუსიკა 238 მილიონი
Shein შოპინგი 229 მილიონი
Messenger სოციალური ქსელი 210 მილიონი

 

More to read

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Related Posts