Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება

ნატოს ვილნიუსის სამიტი „ახალი ბუქარესტი“ არ არის

by Davit Tsiramua
September 12, 2023
in მოსაზრება, მსოფლიო, ოპედი, პოლიტიკა, საქართველო, ყველა სიახლე
0
ნატოს ვილნიუსის სამიტი „ახალი ბუქარესტი“ არ არის
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ამ წლის 11-12 ივლისის ვილნიუსის სამიტი, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე გადამწყვეტი გამოდგა. ქართველ მკითხველს შესანიშნავად ახსოვს, რომ 2008 წლის აპრილში საქართველომ და უკრაინამ წევრობის სამოქმედო გეგმა – ე.წ. „მეპი“ (MAP) ვერ მიიღეს; სამიტიდან დაახლოებით ოთხ თვეში კი რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.

ვილნიუსის სამიტს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გულშემატკივრები იმედის თვალით შესცქეროდნენ და ფიქრობდნენ, რომ ეს უნდა გამხდარიყო იმის საპირისპირო, რასაც ბუქარესტი გამოხატავდა. პირველ რიგში, გაჩნდა მოლოდინი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში გასაწევრიანებლად, ფინეთისა და შვედეთის მსგავსად, უკრაინასაც გაუხსნიდნენ გზას.

ზემოაღნიშნული მოლოდინის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მწვავე რეაქცია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეპლიკაზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის თაობაზე. სამიტამდე ორი დღით ადრე, CNN-თან ინტერვიუში, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებისთვის მზად არ იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ორი არგუმენტი მოიყვანა. პირველ რიგში, მისი მტკიცებით, რუსეთთან ომის დროს უკრაინის ნატოში მიღება გამოიწვევს უთანხმოებას ალიანსის რიგებში, რაც ისევ რუსეთს გააძლიერებს. ამასთან ერთად, ბაიდენის თქმით, თავად კიევმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმები – მათ შორის, ისეთი, ქვეყნის დემოკრატიზაციას რომ ეხება.

ზელენსკიმ ბაიდენის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აბსურდია ის, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანების კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა არ მიიღო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს წაახალისებს რუსეთს და უბიძგებს მას იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტად გაწელოს ომი უკრაინაში.

ვილნიუსის სამიტის ოფიციალურ კომუნიკეში მართლაც არ არის აღნიშნული კონკრეტული დრო, თუ როდის გაწევრიანდება უკრაინა ნატოში. ზელენსკის მთავრობისა და საერთაშორისო პოლიტიკის ზოგიერთი ექსპერტების ნაწილის აზრით, ეს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი სიგნალია უკრაინისთვის. ამ მხრივ, ვიღაცამ შეიძლება „ვილნიუსი“ მართლაც ახალ „ბუქარესტად“ ჩათვალოს.

ამ სტატიაში მსურს, რომ ზემოაღნიშნული პოზიციის საპირისპირო პოზიცია დავიცვა და მკითხველს ვაჩვენო, რომ სინამდვილეში ვილნიუსის სამიტი ნატოს 2008 წლის საბედისწერო სამიტზე ბევრად წინ მიდის და რუსეთზე გეოპოლიტიკურ ზეწოლას აორმაგებს. ჩემი პოზიციის უკეთ განმარტებისთვის, ნატოს აპლიკანტი ქვეყნების წარსულ გამოცდილებას გავიხსენებ და ვეცდები, ვილნიუსის კომუნიკეს მთლიანობაში შევხედო.

პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ აპლიკანტი სახელმწიფოსთვის დროში გაწერილი პროცედურის შეთავაზება აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყანას ნატოში მიიღებენ. მაგალითისთვის, ფინეთმა და შვედეთმა ერთდროულად – 2022 წლის 18 მაისის დილას შეიტანეს განცხადება ალიანსში გასაწევრიანებლად. ორივე ქვეყანა თანაბრად მზად იყო ნატოში გაწევრიანებისთვის, თუმცა, ამჟამინდელი მონაცემებით, მხოლოდ ფინეთი გახდა ალიანსის ახალი წევრი, ხოლო შვედეთის მიღების თაობაზე თანხმობა – ძირითადად, თურქეთის წინააღმდეგობის გამო – დღემდე არ არის მიღწეული.

შვედეთის მაგალითის გარდა, შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოს შემთხვევაც. საქართველომ 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე მიიღო დაპირება, რომ მისი ნატოში გაწევრიანების საკითხს 2008 წლის დეკემბრის მინისტერიალზე განიხილავდნენ და, შესაბამისად, პროცესი თანდათანობით წინ წაიწევდა. თუმცა რუსეთის საქართველოში შემოჭრის გამო ეს გეგმები მთლიანად ჩაიშალა.

გამოდის, რომ დროში გაწერილი პროცედურის არსებობა აუცილებლად იმიტომ არ უზრდის ქვეყანას ნატოში გაწევრიანების შანსებს, რომ დაპირებები შეიძლება (გეო)პოლიტიკური კლიმატის ცვლილებასთან ერთად შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ვილნიუსში, ალიანსის მხრიდან უკრაინას რომც მიეღო შესაბამისი დაპირება, მას მაინც არაფრის გარანტია არ ექნებოდა.

დროში გაწერილი პროცედურის არსებობაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქვეყანას ნატოში ფორმალურად გაწევრიანებისთვის არაგონივრულად დიდი ხნით არ უწევდეს ლოდინი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოში გაწევრიანების „ლოდინის ინტერვალი“ არ უნდა იყოს იმხელა, რომ რუსეთი ამან კიდევ უფრო მეტად გაამხეცოს. ამ შემთხვევაში, კრემლმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ყველა საშუალება – მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება მიზანშეწონილია იმისთვის, რომ ქვეყნის ნატოში შესვლა არ დაუშვას.

როგორც ცნობილია, ვილნიუსის სამიტის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება ის იყო, რომ ალიანსის წევრებმა უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმის – „მეპის“ მიღების საჭიროება მოუხსნეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ნატოში „ფორმალური ლოდინის“ გარეშე, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაწევრიანდეს. ეს შეიძლება მოხდეს ამ კვირას ან მომდევნო კვირებში, თვეებში ან წლებში… ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ მოცემულ მომენტში როგორ შეაფასებენ ნატოს წევრები მსოფლიოში არსებულ ვითარებას.

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინისთვის „ლოდინის ინტერვალის“ გაუქმებით ნატო რუსეთზე აქამდე არნახულ გეოპოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს. კრემლმა ახლა უკვე იცის, რომ უკრაინაში მისი დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელებას ან შემდგომ ესკალაციას შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოჰყვეს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ეს ფაქტორი რუსეთზე შემაკავებელ გავლენას ყველა შემთხვევაში ახდენს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, უკრაინასთან მიმართებით ნატოს ახალი მიდგომა შეგვიძლია შევადაროთ ე.წ. „სტრატეგიული ბუნდოვანების“ პოლიტიკას, რომელსაც აშშ ჩინეთ-ტაივანის კონფლიქტთან მიმართებით ატარებს. ამ პოლიტიკის მიხედვით, ამერიკა წინასწარ არ აცხადებს იმას, ჩაერევა თუ არა ჩინეთ-ტაივანის შესაძლო დაპირისპირებაში; ის გამიზნული ბუნდოვანებით (რომელიც ხშირად აშშ-ის პრეზიდენტებისა და სახელმწიფო მდივნების ღიად ორაზროვან გამონათქვამებში აისახება) ჩინეთის ტაივანზე თავდასხმის პრევენციას უკვე ათწლეულებია, რაც ეფექტიანად ახორციელებს.

ვილნიუსის სამიტი სწორედ იმიტომ არის ბუქარესტის სამიტთან შედარებით ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ მასზე მიღებული გადაწყვეტილების წყალობით, ნატო რუსეთთან მიმართებით „სტრატეგიული ბუნდოვანების“ მსგავს პოლიტიკას ღიად მიმართავს. ნატოს წევრები, ფაქტობრივად, უკვე ოფიციალურად ემუქრებიან კრემლს იმით, რომ ისინი უკრაინას ნებისმიერ მომენტში მიიღებენ ალიანსში (რაც, თავის მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედებას გამოიწვევს).

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნატოს მიდგომა, არსებითად, უცვლელია საქართველოსთან მიმართებით. ამის გამო, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მიუხედავად უკრაინის საკითხზე მიღწეული პროგრესისა, ვილნიუსი მაინც ახალ ბუქარესტად რჩება. ამ არგუმენტის საპასუხოდ, აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ნატოსა და საქართველოს მთავრობას შორის გაცივებულ ურთიერთობებზე პასუხისმგებლობა, ძირითადად, ამ უკანასკნელს ეკისრება. 2008 წლისგან განსხვავებით, საქართველო დასავლეთთან დაახლოებას ერთმნიშვნელოვნად აღარ ითხოვს. შესაბამისად, ნატოც შედარებით ნაკლებად შეგვიძლია დავადანაშაულოთ იმაში, რომ საქართველოს საკითხი დროებით „დაპაუზებულია“.

უკრაინის საკითხზე მიღწეული პროგრესი კი ცალსახად დასაფასებელია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ნატოს ქვეყნების მიერ მიღებული ზომები ომის შესაჩერებლად და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის. ამის გამო, მომავალში, რუსეთის დასამარცხებლად შესაძლოა, ნატოს მხრიდან „სტრატეგიული ბუნდოვანების“ ნაწილობრივ მაინც გაფანტვა და შედარებით უფრო აგრესიული მოქმედებების განხორციელება გახდეს საჭირო.

Previous Post

კანადური შარმი

Next Post

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტში ცვლილებებია – ორგანიზაციას ახალი დირექტორი ჰყავს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტში ცვლილებებია – ორგანიზაციას ახალი დირექტორი ჰყავს

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტში ცვლილებებია - ორგანიზაციას ახალი დირექტორი ჰყავს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result