Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home პროფილი კომპანიები

კონსერვატორიის გამოწვევები

by Davit Tsiramua
June 26, 2023
in კომპანიები, კულტურა, კულტურა, მენეჯერები, საქართველო
0
კონსერვატორიის გამოწვევები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბოლო წლების განმავლობაში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ახალი ინსტრუმენტების საჭიროებასა და მათი ნაწილის განახლებასთან ერთად, საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის დღის წესრიგში დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მაქსიმალური ინტეგრირება და ხარისხის არა მარტო შენარჩუნება, არამედ სრული თავსებადობის უზრუნველყოფა მოექცა. კონსერვატორიამ მის წინაშე არსებულ ზოგიერთ პრობლემასთან გამკლავება უკვე შეძლო, თუმცა სასწავლებელი კვლავ არაერთი გამოწვევის პირისპირ დგას. სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.

ქალბატონო ნანა, კონსერვატორიის რექტორის თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნეთ – რა გამოწვევების წინაშე იდგა მაშინ სასწავლებელი? როგორ მოახერხეთ მათთან გამკლავება?

იმ პერიოდში კონსერვატორიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მუსიკალური ინსტრუმენტების, კერძოდ კი როიალების ნაკლებო­ბა იყო. მართალია, გვქონდა როიალები, თუმცა – გამოუსადეგარი. პირველი, რაც ამ მიმართულებით გავაკეთეთ, ეს იყო ვითარების შესწავლა ისე, რომ მისი რეპრეზენტირება და მოთხოვნის წარდგენა ჯერ განათლებისა და მეცნიერების, ხოლო შემდეგ კულტურის სამინისტროსთვის შეგვძლებოდა.

სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავავრცელეთ მოკლე ვიდეოჩანაწერი სტუდენტების მონაწილეობით, გავაკეთეთ მიმართვა, მათ შორის ოფიციალური ფორმითაც. ამგვარად, ყველა ხელმისაწვდომი რესურსი გამოვიყენეთ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და საწადელს მივაღწიეთ. მჯერა, რომ, როდესაც რაღაც ძალიან გინდა, როდესაც მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებ, აუცილებლად პოულობ გამოსავალს. ეს იყო შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ერთად მოძებნეს ის გამოსავალი, რომელიც მომავლისკენ იყო მიმართული.

მოგვიყევით ამ პერიოდის განმავლობაში კონსერვატორიის განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ.

კონსერვატორია დაახლოებით ბოლო 23 წლის განმავლობაში ყველა ნაბიჯს დგამდა იმისათვის, რომ დასავლურ საგანმანათლებლო სივრცესთან მაქსიმალურად დაახლოებული ყოფილიყო. ამ დაახლოების ინდიკატორი სხვადასხვაა: ერთი შეიძლება ეს იყოს წარმატების ინდექსი და ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებულები არიან მთელ მსოფლიოში, ამას მტკიცება არ სჭირდება. პრაქტიკულად არ არსებობს საოპერო თეატრი და სიმფონიური ორკესტრი, სადაც ჩვენი კურსდამთავრებულები არ არიან დასაქმებულნი. მეორე არის ის, თუ როგორ სასწავლო გარემოს ქმნი, რამდენად არის ეს გარემო თავსებადი იმავე დასავლურ საგანმანათლებლო სივრცესთან. ის ენა, რომელსაც სწავლის პროცესში პროფესორი და სტუდენტი იყენებენ, რამდენად ამზადებს ამ უკანასკნელს თანამედროვე არტისტული გარემოსთვის.

ბევრი ისეთი ნაბიჯი გადავდგით, რაც აუცილებელი პირობაა კარგი ორკესტრანტის, კამერული მუსიკოსის, სოლისტის გასაზრდელად. სტუდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სწავლის პროცესში შეიარაღდეს იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს პროფესიონალად, რომელიც ყველა გამოწვევას პირისპირ შეხვდება, იქნება ეს არტისტული თუ სხვა სახის, და შეძლებს მასთან გამკლავებას.

აქედან გამომდინარე, ჩვენი პირდაპირი ინტერესი იყო, საორკესტრო და კამერული მუსიკის სწავლება დაგვეახლოებინა იმ გარემოსთან, რომელიც ევროპულ კონსერვატორიებსა და მუსიკის აკადემიებშია. გარდა ამისა, გვსურდა, გაგვეზარდა რეპერტუარები და დაგვეხვეწა შეფასების კრიტერიუმები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ამის უზრუნველსაყოფად უნდა არსებობდეს გაზიარების სივრცე, სადაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული იქნება სხვადასხვა საფეხურის წარმომადგენელი – აკადემიური პერსონალით დაწყებული, სტუდენტითა და ტექნიკური პერსონალით დამთავრებული. ეს დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში მიღებული კულტურაა.

რა საჭიროებების წინაშე დგას დღეს კონსერვატორია? რა ეტაპზეა მათი დაკმაყოფილების პროცესი?

გამოწვევა ძალიან ბევრია. დავიწყოთ იმით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული განათლების სფეროა მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. ჩვენთან არის ინდივიდუალური სწავლება, თითო სტუდენტზე მთელ რიგ სპეციალობებში სამი ან ოთხი პროფესორი მოდის. შესაბამისად, ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა.

გარდა ამისა, კონსერვატორიისთვის, როგორც ამ ქვეყანასა და მთელ კავკასიაში სამუსიკო განათლების მიმართულებით ევროპული ტიპის პირველი უმაღლესი სასწავლებლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის უზრუნველყოფა. ეს კი საერთაშორისო ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმაოდ სერიოზული პირველი საფეხური ავაგეთ, რაზეც მეტყველებს უამრავი გაცვლითი პროგრამა Erasmus-ისა და სკანდინავიური პროგრამების ჩათვლით.

თუმცა შემდეგი ეტაპი აუცილებლად უნდა იყოს საერთაშორისო აკრედიტაცია და ამისთვის ყველა პირობა გვაქვს შექმნილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად საფუძველიც და პროგრამებიც მზად გვაქვს. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად, ასევე გარედან სტუდენტების მოზიდვისთვისაც.

საიდან იღებთ ფინანსურ მხარდაჭერას კონსერვატორიისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? რა საფეხურების გავლა გიწევთ მათ მისაღებად და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ეს პროცესი?

თუ საუბარს ინსტრუმენტების შესახებ დავიწყებთ, ყველაზე რთული როიალების შეძენის საკითხი იყო, რადგან ეს ინსტრუმენტი ყველაზე ძვირი ღირს. თუმცა კულტურის სამინისტროს დახმარებით აღნიშნული პრობლემა მოგვარდა.

ჩვენ გვაქვს ჩასაბერი ინსტრუმენტების ფონდი, რომელიც საკმარისი არ არის, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ მის განახლებას, ხშირად მეგობრების სხვადასხვა ჯგუფის დახმარებით. მაგალითად, თავის დროზე, ამ ინსტრუმენტების ფონდი იაპონიის საელჩოს დაფინანსებით განახლდა. ამჟამად ფონდს ორი პატარა ზომის ვიოლინო შეემატა აშშ-ის საელჩოს დახმარებით.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მეგობრები, მათ შო­რის გია ქობულაშვილი, ლევან ცხადაძე, ფრანსუა ლელუ, გიორგი გვანცელაძე წლების განმავლობაში ცდილობდნენ, ჩასაბერი ინსტრუმენტების ფონდი გაემდიდრებინათ. ამისათვის მასტერკლასებს აწყობდნენ და გამარჯვებულებს ინსტრუმენტს გადასცემდნენ.

გარდა ინსტრუმენტებისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი აქსესუარების ხელმისაწვდომობა. ჩვენი პარტნიორები Erasmus-ის პროგრამიდან კონსერვატორიას ინსტრუმენტების სხვადასხვა აქსესუარით ამარაგებენ.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის დახმარება, ვინაიდან მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მხოლოდ როიალებს, რომლებიც ყველაზე ძვირი ღირს, სხვა ინსტრუმენტების შეძენაც კონსოლიდირებული დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნება.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. მესამე მისიის ფარგლებში რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, კერძოდ, კავკასიის უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია, კონსერვატორიას აფინანსებენ. მაგალითად, შარშან მათ კვლევები დაგვიფინანსეს, წელს კი ჩვენთვის დასარტყამ ინსტრუმენტს ყიდულობენ.

ამის მიუხედავად, როგორც უკვე აღვნიშნე, სახელმწიფოს ჩართულობაა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ წინაშეა გამოწვევები, რომლებიც მისი დახმარების გარეშე ვერ მოგვარდება და როიალების მაგალითზე ეს ნათლად გამოჩნდა. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია დახმარების წყაროების დივერსიფიცირება და მათი ეფექტიანად გამოყენება.

როგორია კონსერვატორიაში ჩაბარების მსურველთა დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში? რომელი მიმართულებებია ყველაზე მეტად მოთხოვნადი?

კონსერვატორიის დაარსების დღიდან მოყოლებული, ყველაზე პოპულარული არის ვოკალის, საფორტეპიანო, კომპოზიციის და სიმებიანი ინსტრუმენტების მიმართულება, სადაც ყველაზე დიდი კონკურსია.

ბოლო წლებში, პანდემიის გამო და, იქიდან გამომდინარე, რომ საზღვრები ჩაკეტილი იყო, კონსერვატორიაში აბიტურიენტების მომართვიანობა ძალიან გაიზარდა. ამაზე იმოქმედა იმანაც, რომ ახალი მიმართულებები დავამატეთ. ჩვენ გვაქვს მუსიკის ტექნოლოგიის პროგრამა, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. ინსპირაცია ნორვეგიის მუსიკის აკადემიისგან მივიღეთ და სწორედ ისინი დაგვეხმარნენ, რომ ჯერ არჩევითი მოდული გაგვეკეთებინა, შემდეგ კი ბაკალავრიატი და მაგისტრატურა.

რა ისწავლება ამ მიმართულებაზე?

მუსიკის ტექნოლოგია ეს არის ედიტინგი, მასტერინგი, ასევე, ელექტრონული კომპოზიციების შექმნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი არჩევითი საგნის სახით გავლა შეუძლია როგორც კონსერვატორიაში უკვე ჩარიცხულ სტუდენტს, ასევე ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტები მის შესასწავლად გარედანაც მოდიან.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც ტრადიციულია, ისიც განვავითაროთ, თუმცა, ამავე დროს, დავამატოთ ახალიც, რომელიც დროთა განმავლობაში ტრადიციულად იქცევა.

საერთაშორისო პარტნიორების შესახებ რას გვეტყვით? რომელი გაცვლითი პროგრამებითა და სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ კონსერვატორიის სტუდენტებს?

სწავლების ხარისხზე საუბარი შეუძლებელია ინტერნაციონალიზაციის გარეშე. ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან ინტენსიურ კოოპერირებას წინ სხვადასხვა ქსელში ჩართვა უძღოდა. მათ შორის იყო ევროპულ კონსერვატორიათა ასოციაცია, რომლის წევრიც 2005 წელს გავხდით. ამის შემდეგ კი, 2020 წელს, სკანდინავიურ კონსერვატორიათა ასოციაციის წევრადაც მიგვიღეს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამა ავითვისეთ. წლების განმავლობაში გვქონდა შვედური საერთაშორისო სააგენტო SIDA-ს და ნორვეგიული DIKU-ს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები, ასევე ინსტიტუციური განვითარების პროგრამები და, რა თქმა უნდა, Erasmus-ის პროგრამა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.

დღეისათვის ურთიერთობა ევროკავშირისა და შენგენის წევრი 22 ქვეყნის 28 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გვაქვს. ეს არ არის კონტაქტი კონტაქტისთვის. ვურთიერთობთ მაღალი რეიტინგის მქონე, მსოფლიოში აღიარებულ სასწავლებლებთან. იქ წასვლა ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტს შეუძლია – მუსიკოლოგიით დაწყებული, საშემსრულებლო სპეციალობებით დამთავრებული.

გარდა ამისა, სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან სტიპენდიებით. მათ შორის, 2015 წლიდან ჩვენი პარტნიორები კონსერვატორიის სტუდენტებს Erasmus-ისა და სკანდინავიური პროგრამების ფარგლებში სავიზო მოსაკრებელსაც უხდიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს თავად ისინი არჩევენ.

გვიამბეთ მიმდინარე პროექტების შესახებ.

ამჟამად ვასრულებთ Erasmus +-ის ფარგლებში დაფინანსებულ „შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“ (CBHE), რომელიც მეცნიერების მენეჯმენტს ეხება. ეს არის ძალიან დიდი კონსორციუმის პროგრამა, რომელშიც, კონსერვატორიის ჩათვლით, 14 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული, მისი კოორდინატორი კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

გარდა ამისა, გასულ წელს ნორვეგიელებთან თანამშრომლობით დავასრულეთ პროექტი, რომელიც ინსტიტუციურ განვითარებას ეხებოდა. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა კონსერვატორიის საბიბლიოთეკო სისტემა. ასევე, ერთობლივად შევიმუშავეთ მუსიკის ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. შეიქმნა მუსიკის ტექნოლოგიის სტუდია.

კვლავ ვმუშაობთ რამდენიმე ახალი პროექტის დამტკიცებაზე ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით და ველით პასუხებს. დაახლოებით სამ პროექტზეა საუბარი.

დაბოლოს, რა შედის კონსერვატორიის სამომავლო გეგმებში?

მსოფლიო ბანკში შეტანილი გვაქვს პროექტი, რომელიც კონსერვატორიაში „ლოლას“ პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს. ეს საშუალებას მოგვცემს, ონლაინ, მინიმალური დაგვიანებით შევძლოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მასტერკლასებისა და კონცერტების ჩატარება. ამ მიმართულებით გამოცდილება უკვე გვაქვს ესტონეთის აკადემიასთან თანამშრომლობით, სადაც ჩვენი მონაწილეობით, მსოფლიოს სხვა აკადემიებთან ერთად, კონცერტი ჩატარდა 2017 წელს.

მიგვაჩნია, რომ დიგიტალური მიმართულების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ამასთან სრულად თავსებადი არ ვართ, თუმცა იქ, სადაც მისი გამოყენება შეიძლება, საინტერესო შედეგების მიღების იმედი გვაქვს.

გარდა ამისა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, უმნიშვნელოვანესია პროგრამებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება.

არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს კვლევის ინტერნაციონალიზაცია. ამიტომ კვლევის მეთოდოლოგიის ევროპული გამოცდილების გაზიარება და მასზე დაყრდნობით მუსიკოლოგიური კვლევების განვითარება მომავალში კონსერვატორიაში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება.

ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა საშუალებით, თუნდაც დროებით, შევძლოთ, ქვეყანაში დროდადრო დავაბრუნოთ მუსიკოსები, რომლებიც დღეს მსოფლიო სცენებზე დგანან და ძალიან წარმატებული საერთაშორისო კარიერა აქვთ და ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში.

აუცილებლად უნდა გამოვყო ბაზარზე ორიენტირებული სპეციალობების საკითხი. ჩვენ სამაგისტრო დონეზე თითქმის მზად გვაქვს ახალი პროგრამები და სპეციალობები კონცერტმაისტერისა და სიმფონიური ორკესტრის დირიჟორისთვის. ჯერჯერობით ეს სპეციალობები კონსერვატორიაში არ ისწავლება. ვფიქრობ, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობის პროგრამა აუცილებლად უნდა გქონდეს იმისათვის, რომ დამწყებ დირიჟორებს აკადემიური განათლება მისცე.

რაც შეეხება კონცერტმაისტერებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ჩვენი კონსერვატორიის პიანისტები აქტიურად საქმდებიან ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ საკონცერტმაისტერო აკადემიურ განათლებას ცალკე არ იღებენ. თუმცა პროგრამა, საზღვარგარეთ მოღვაწე ძალიან წარმატებულ კონცერტმაისტერებთან თანამშრომლობით, უკვე შემუშავებული გვაქვს.

Previous Post

რომელ ადგილზეა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებულ რეიტინგში?

Next Post

საბერძნეთის არჩევნებში მოქმედმა პრემიერმა კირიაკოს მიცოტაკისმა გაიმარჯვა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საბერძნეთის არჩევნებში მოქმედმა პრემიერმა კირიაკოს მიცოტაკისმა გაიმარჯვა

საბერძნეთის არჩევნებში მოქმედმა პრემიერმა კირიაკოს მიცოტაკისმა გაიმარჯვა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result