II კვარტალში ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა – მთავარი ინვესტორი ქვეყნები

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია.

საქსტატის თანახმად, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის, სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის მატებით.

წყარო: საქსტატი

2024 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6%-ია, რეინვესტიციამ (ინვესტირებიდან მიღებული შემოსავლის ხელმეორედ ინვესტირება) კი 451.3 მლნ აშშ დოლარი და მისი წილი 78.6%-ით განისაზღვრა.

ინვესტორებს შორის პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფოა 266.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე იაპონიაა 59.2 მლნ აშშ დოლარით (10.3%), ხოლო მესამეზე მალტა 37.9 მლნ აშშ დოლარით (6.6%).

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3%-ს შეადგენს.

10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
  • გაერთიანებული სამეფო – 266.7 მლნ აშშ დოლარი;
  • იაპონია – 59.2 მლნ აშშ დოლარი;
  • მალტა – 37.9 მლნ აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანი – 23.7 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩეხეთი – 20.9 მლნ აშშ დოლარი;
  • ნიდერლანდები – 20.5 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ – 18.9 მლნ აშშ დოლარი;
  • ისრაელი – 13.8 მლნ აშშ დოლარი;
  • ავსტრია – 12.5 მლნ აშშ დოლარი;
  • ვირჯინის კუნძულები (ბრიტ.) – 11.6 მლნ აშშ დოლარი.

II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 300.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.3%-ია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი 79.2 მლნ აშშ დოლარით (13.8%), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 55.5 მლნ. აშშ დოლარით (9.7%).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 75.7% შეადგინა.

წყარო: საქსტატი

აღსანიშნავია, რომ წლიურმა ინვესტიციებმა პიკს 2022 წელს მიაღწია და 2.25 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, 2023 წელს კი 17%-ით, 1.9 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. მიმდინარე წლის ორ კვარტალში კი საქართველოში სულ 721.6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად, 38%-ით ჩამორჩება.

More to read