Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes Infrastructure

ენერგია და გონიერება

by Davit Tsiramua
February 13, 2022
in Forbes Infrastructure, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, მენეჯმენტი, საქართველო, ყველა სიახლე
0
ენერგია და გონიერება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოში ალბათ იშვიათად მოიძებნება ისეთი ენერგოობიექტი, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაციაში „ენერგონს“ მცირე წვლილი მაინც არ ჰქონდეს შეტანილი. ამ კომპანიის ისტორია ჯერ კიდევ 1956 წლიდან „საქენერგორემონტის“ სახელით იწყება. თავდაპირველად მის ძირითად პროფილს ჰიდრო და ელექტრომექანიკური სამუშაოები წარმოადგენდა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი კომპანიამ ენერგეტიკის სექტორში საქმიანობა გააგრძელა, თუმცა სერვისების დივერსიფიკაცია დაიწყო. კერძოდ, სამშენებლო საქმიანობაც წამოიწყო და ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად გადამცემი ხაზების, ქვესადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია აირჩია. დღეს „ენერგონს“ დიდი მიზნები და გამოწვევები აქვს. Forbes Georgia კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მთავარ კითხვებზე პასუხები გენერალური დირექტორისგან, გიორგი მირცხულავასგან მოისმინა.

ბატონო გიორგი, „ენერგონი“ 60 წელზე მეტია, საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. ცოტა ხნის წინ თქვენ რებრენდინგის ეტაპიც გაიარეთ. რა არის ის ბოლო ცვლილებები, რაც კომპანიაში განხორციელდა?

რებრენდინგის შესახებ გადაწყვეტილება ძირითადად ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი – ჩვენი კომპანია აღარ იყო მხოლოდ „საქენერგორემონტი”, როგორც დაარსებისას. ჩვენი კომპეტენცია გაიზარდა, ენერგოინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე მსოფლიო სტანდარტით ვახორციელებთ. და მეორე – ჩვენ გვინდოდა, რომ საერთაშორისო კომპანიებისთვის კონკურენცია, მინიმუმ, საქართველოს ტერიტორიაზე გაგვეწია და აღარ ვყოფილიყავით ქვეკონტრაქტორები, რადგან მიგვაჩნდა, რომ ჩვენც შეგვეძლო ნებისმიერი სირთულის პროექტის განხორციელება. ამ ამბიციას სჭირდებოდა კომპანიის ახალი, მკაფიო სტრატეგიის შექმნა და ამ ყველაფრის როგორც კომპანიის შიგნით დანერგვა, ასევე ჩვენი არსებული და პოტენციური საქმიანი პარტნიორებისთვის დემონსტრირება.

სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ი და მათთან ერთად კომპანიის ახალი სტრატეგია შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც ჩვენს საქმიანობას დაერქვა სწორი სახელი – ენერგოინფრასტრუქტურის ექსპერტი. ასევე განისაზღვრა ჩვენი ბრენდის შინაარსი: მამოძრავებელი იდეა, მისია, ხედვა, ფასეულობები, პოზიციონირება და ახალი სლოგანი – გავაკეთებთ! ამ სიტყვას ჩვენ ყველაზე ხშირად ვიყენებთ, ვინაიდან ჩვენთვის არ არსებობს შეუსრულებელი ამოცანა და სიტყვა „შეუძლებელია”, ჩვენ აუცილებლად ვიპოვით კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის გზას.

გამოდის, უკვე მზად ხართ, უცხოურ კომპანიებს კონკურენცია გაუწიოთ?

„ენერგონს“ აქვს ამბიცია, იყოს თანამედროვე ქართული კომპანია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია, დანერგოს და გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები, მეთოდები და მიდგომები – ყველა სახის ენერგოინფრასტრუქტურის ასაშენებლად. ჩვენ მიერ შესრულებულ პროექტებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სამუშაოს შესრულების ხარისხით, ფასით და ვადებით მზად ვართ, საერთაშორისო კომპანიებს გავუწიოთ კონკურენცია როგორც ადგილობრივ, ასევე პოტენციურად საერთაშორისო ბაზარზეც.

დღეს სახელმწიფო პროექტებში, რომლებიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ფინანსდება, მოთხოვნილია პირობები, რომლებიც დიდწილად უზღუდავს ადგილობრივ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობას. უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფომ ამ მოთხოვნების შერბილება შეათანხმოს, რათა ქართულ კომპანიებს მიეცეთ ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ფასებს, ხარისხს და შესრულების ვადებს, საუბარია შესრულებული პროექტების სიდიდეზე.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, როდესაც სახელმწიფო აცხადებს 100-მილიონევროიან ტენდერს, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ფინანსდება, ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად ასეთივე სიდიდის არაერთი შესრულებული პროექტია მოთხოვნილი, მაშინ როდესაც საქართველოში მსგავსი სიდიდის სამუშაოები ან საერთოდ არ არის ჩატარებული, ან თითზე ჩამოსათვლელია. შესაბამისად, გასაგები მიზეზების გამო, ქართული კომპანიები ძირითად კონტრაქტორებად მონაწილეობას ვერ მიიღებენ. გამოდის, რომ შემსრულებელი კომპანიების წრე ქართული კომპანიებისთვის ჩაკეტილია და ვფიქრობ, ყველას სურვილია, რომ ქვეყნის მიერ აღებული სესხით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილობრივი კომპანიები ასრულებდნენ. ხოლო მოგება, გამოცდილება და დოვლათი ქვეყანაშივე რჩებოდეს. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდანაც იდგმება ნაბიჯები, მაგრამ მეტი ჩართულობა და აქტივობაა საჭირო. კიდევ ერთხელ გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ საერთაშორისო კომპანიებთან შედარებით უპირატესობას ფასთან, ხარისხთან და ვადებთან მიმართებით არ ვითხოვთ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაგალითისთვის, ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით, როდესაც პროექტი ხორციელდება კერძო ინვესტორის დაკვეთით, ჩვენთან ერთად მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კომპანიებიც და ხშირ შემთხვევაში ქართულ კომპანიებთან ფორმდება ხელშეკრულებები. თუ ჩვენ არ მივცემთ ქართულ კომპანიებს ადგილობრივ ბაზარზე პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რითაც ისინი გამოცდილებას შეიძენენ, მსგავსი ტიპის ტენდერებში მოთხოვნების დაკმაყოფილებას სხვა ქვეყანაში ვერ შეძლებენ.

თქვენს პროექტებზეც რომ ვისაუბროთ, „ენერგონი“ სწორედ ის კომპანია იყო, რომელმაც „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეასრულა. კმაყოფილი ხართ მიღწეული შედეგით?

„ენგურჰესის” მე-4 ფაზის რეაბილიტაციის სამუშაოების უმეტეს ნაწილს „ენერგონი“ ასრულებს და ჩასატარებელი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. გამოქვეყნებულ სტატისტიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ჰესის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა რეაბილიტაციის მთავარი მიზეზი ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა არ ყოფილა. მისი მიზანი იყო სტაბილურობა, მდგრადობა და პოტენციური გაჩერებების თავიდან აცილება. ამ ეტაპზე „ენგურჰესამდე” მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ჰიდრომექანიკური სამუშაოებია დარჩენილი.

ამჟამად სხვა რა პროექტებზე მუშაობთ?

გვაქვს ჰიდროს მიმართულებით რამდენიმე მიმდინარე პროექტი, რომელთა შორის გამოვყოფდი „მტკვარი ჰესის“ პროექტს, უახლოეს ხანში დაგვემატება რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის სამუშაო. ელექტროგადამცემი ხაზების მიმართულებით მიმდინარეობს 330 კვ-იანი ხაზის მშენებლობა-რეაბილიტაცია. გვაქვს აგრეთვე „ხრამიჰესის“ რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტი, რომელიც სტატორისა და როტორის შეცვლას ითვალისწინებს.

ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის მშენებლობის გარდა, იშვიათად, მაგრამ საინტერესო პროექტებშიც ვიღებთ მონაწილეობას, მათ შორის გამოვყოფდი შეკვეთილში ნორვეგიული ორაგულის მეურნეობას. წყალში შესასრულებელი სპეციფიკური სამუშაო ჩვენი გამოცდილებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სამომავლოდ ზღვაში განლაგებული ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში ჩართვასაც ვგეგმავთ.

ალბათ გამოწვევაა შესაბამისი ტექნიკაც…

ჩვენ მიერ შესასრულებელი სამუშაოების სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალიზებული თანამედროვე ტექნიკის ფლობა მართლაც მნიშვნელოვანია. ჩვენი ავტოპარკი აღჭურვილია 300-მდე ერთეული სპეცტექნიკით, რაც გვაძლევს საშუალებას, საკუთარი რესურსით და მანქანა-მექანიზმებით მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოები ჩავატაროთ.

ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები? განიცდით თუ არა კვალიფიციური კადრების ნაკლებობას?

ჩვენს კომპანიაში დღეისათვის 600-მდე თანამშრომელია დასაქმებული. მათ შორის არიან როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის ინჟინრები, ასევე ახალგაზრდა ექსპერტები. საამაყოა, რომ ჩვენს კომპანიაში მომუშავე უხუცესი თანამშრომლის სტაჟი 64 წელია.

კვალიფიციური კადრების დეფიციტს ნამდვილად განვიცდით, ბაზარზე საჭირო რაოდენობის ტექნიკური პერსონალი ფიზიკურად არ არსებობს, თანაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი სამუშაო ძალიან სპეციფიკურია. გამომდინარე იქიდან, რომ დარგი მუდმივად ვითარდება და თანამედროვე ტექნოლოგიებით სამუშაოს შესრულებისათვის საქართველოში ყოველთვის არ მოიძებნება საჭირო კვალიფიკაციის მქონე კადრები, საერთაშორისო დონის სპეციალისტებთანაც ვთანამშრომლობთ. მათ კონკრეტული პროექტის შესრულების პროცესში ვრთავთ და ახალგაზრდა მოტივირებულ კადრებს მივუჩენთ იმისთვის, რომ მათგან საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინონ და მომავალში თანამედროვე მეთოდებით საქმის შესრულება დამოუკიდებლად შეძლონ.

საქართველოს ენერგოსექტორის სხვა გამოწვევებზეც რომ ვისაუბროთ, თქვენი აზრით, როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები ამ სექტორში?

პირველ რიგში, უნდა ვიყოთ ინვესტორისთვის სასურველი ქვეყანა, რომელიც სთავაზობს მას კარგ საგადასახადო გარემოს და, რაგინდ ირონიულად ჟღერდეს, მოსახლეობის საერთო განწყობით ხიბლავს. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, მაგალითად, უცხოელი ინვესტორი საქართველოში 10 მლნ, 100 მლნ ან მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს რომ განახორციელებს, ეს რა სარგებელს მოგვიტანს, რამდენით გაიზრდება ქვეყნის და იმ კონკრეტული რეგიონის ბიუჯეტი, სადაც ის პროექტს განახორციელებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ელექტროენერგიის დამატებით გენერაციაზე. ამიტომ აუცილებელია, ინდივიდუალურად შევისწავლოთ ყველა პროექტი და ყველაფერი გავაკეთოთ მისი განხორციელებისთვის, რათა ინვესტიცია არ დავკარგოთ. ინვესტორების მოძიებისთვის იბრძვის ყველა ქვეყანა, შესაბამისად, თუ ჩვენ იდეალურთან მიახლოებულ გარემოს არ შევქმნით, ამ შესაძლებლობებს ხელიდან გავუშვებთ. საქართველოში დროებით „დაპაუზებულ“ პროექტებს რომ გადავხედოთ, გული მწყდება, როცა ვფიქრობ, თუ რა ეფექტის მოტანა შეეძლო მათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ამ მძიმე პანდემიურ პერიოდში.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ქვეყნისთვის პატარა ზომის ჰიდროელექტროსადგურები?

დღეს ქართული ენერგეტიკა იმპორტირებულ ელექტროენერგიასა და გაზზე დგას. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა ჰიდროელექტროსადგურების აშენების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველოს ენერგომომავალი არის როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ჰესები, შესაბამისად, ჰიდრორესურსების სრულად ათვისება უმნიშვნელოვანესია – ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომლის მცირე ნაწილის გამოუყენებლობის უფლებაც კი არ გვაქვს.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ აფასებთ საქართველოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას? ამ კუთხით რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა?

ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება მატულობს და გამომდინარე იქიდან, რომ სტრატეგიული ჰესები არ შენდება, ქვეყანა იძულებულია, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე იყოს დამოკიდებული. იმპორტირებული ელექტროენერგიის გატარებისთვის კი არსებული გადამცემი ხაზების განახლება მნიშვნელოვანია. ზოგი მათგანი მოძველებულია და მათი გამტარიანობის გაზრდაა საჭირო. ასევე აუცილებელია ახალი ხაზების მშენებლობაც. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ქართული ენერგეტიკა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა. ვგულისხმობ არა მხოლოდ ელექტროენერგიის შემოტანისთვის საჭირო გამართულ გადამცემ ხაზებს, არამედ შიდა ინფრასტრუქტურასაც.

დაბოლოს, „ენერგონის“ სამომავლო გეგმებზეც მინდა გკითხოთ. აპირებთ, ქვეყნის ფარგლებს გასცდეთ?

კომპანიის განვითარების ამ ეტაპზე სწორედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის მიზანი გვაქვს დასახული და უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით. გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა არის მიმართულება, რომელშიც ძალიან ძლიერები ვართ. ეს სექტორი ძალიან ნიშურია, რადგან სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრ კომპანიას არ შეუძლია გადამცემი ხაზების მშენებლობა, განსაკუთრებით – მაღალმთიან რეგიონებში. ჩვენ ძლიერი, პროფესიონალი მემაღლივეების გუნდი გვყავს, რომელიც გადამცემ ხაზებს რთულ გეოგრაფიულ არეალში აწყობს. ევროპის ქვეყნებში არის გადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის განახლების ტენდენცია. ამ კუთხით მასშტაბური პროექტებია მოსალოდნელი. გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქვეყანაში საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ჩვენთვის საინტერესო ტენდერები გამოცხადდება. ვფიქრობთ, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში მონაწილეობას ევროპასა და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განსახორციელებელ პროექტებში მივიღებთ. შესაბამისად, „ენერგონი“ პირველი ქართული კომპანია იქნება, რომელიც ენერგეტიკის დარგში უცხოეთში პირველ წარმატებულ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს.

„2010 წლამდე „ენერგონის“ მიერ ჩატარებული მასშტაბური სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოების შედეგად, სახელმწიფოს ენერგოსისტემას დამატებით 600-მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ოპერირების საშუალება გაუჩნდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ენერგოსისტემის ფუნქციონირების მდგრადობა, აღდგენილ იქნა ქვეყნის 24-საათიანი, უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგება. განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია “ენგურჰესის” რეაბილიტაცია. “ვარდნილჰესში” აგრეგატების სარეაბილიტაციო სამუშაოები; “ხრამჰესი-2”-ისა და “ლაჯანურჰესის” სრული რეაბილიტაცია; ასევე, სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები დასავლეთ საქართველოს ელექტროსადგურებზე, კერძოდ: “გუმათჰესებისა” და “ვარციხეჰესების” კასკადზე, “რიონჰესზე”, “შაორჰესზე”, “ძევრულჰესზე”, “ზაჰესსა” და “ორთაჭალჰესზე”. ჰიდროელექტროსადგურების გარდა, „ენერგონის“ მიერ განხორციელებულ პროექტებში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციასაც დიდი წილი უკავია. 2013 წელს წარმატებით დავასრულეთ „შავი ზღვის 500-კვ-იანი ელექტროგადამცემი ქსელის” პროექტი, რომელიც მიზნად საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობის გაუმჯობესებას ისახავდა.
თეიმურაზ ნიკოლაშვილი
თეიმურაზ ნიკოლაშვილიტექნიკური დირექტორი
„ათი წელია, ჩვენს კომპანიაში ფინანსურ აუდიტს მსოფლიო ათეულში შემავალი სხვადასხვა აუდიტორული კომპანია ატარებს, შესაბამისად, ფინანსური მაჩვენებლები პოტენციურ დამკვეთებსა და ინვესტორებში სანდოობის განცდას იწვევს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ჩვენ მიერ ბიუჯეტში გადახდილია 40 მლნ-მდე ლარი. რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, 2021 წელს „ენერგონის“ ბრუნვა 100 მლნ ლარს გადააჭარბებს. პროექტების ინდივიდუალური მართვა დროის დიდ რესურსს მოითხოვს, ამიტომ ყველა პროექტის ერთიან ციფრულ სისტემაში ინტეგრაციის გადაწყვეტილება მივიღეთ და არჩევანი ევროპის ბაზრის წამყვან ERP-სისტემა 4PS Construct-ზე შევაჩერეთ, რომლის საშუალებითაც ევროპის სამშენებლო პროექტების ციფრული მართვის საუკეთესო გამოცდილება მივიღეთ. თითოეული დეპარტამენტის საქმიანობის ანალიზი ჩავატარეთ და კომპანიაში არსებული ყველა პროცესი გავაციფრულეთ. შედეგად, 4PS Construct-მა გაგვიმარტივა სამშენებლო პროექტების დაგეგმვა, მართვა; პროცესი გამჭვირვალე და პროგნოზირებადი გახდა, რამაც საშუალება მოგვცა, უკეთ ვაკონტროლოთ პროექტის ბიუჯეტი და ვადები“.
ბექა ბიბილური
ბექა ბიბილურიფინანსური დირექტორი
„მოგეხსენებათ, „ენერგონის“ პროექტები სხვადასხვა რეგიონშია განაწილებული. პროცესების უფრო ეფექტიანი მართვისთვის განვაახლეთ შესყიდვების პროცესი და გავაუმჯობესეთ მარაგებისა და სასაწყობე მეურნეობის მართვა. კომპანიაში შესყიდვების პროცესი არის სრულად გამჭვირვალე, ტარდება ღია ტენდერები, სადაც დაინტერესებულ მხარეებს წინადადებების წარმოდგენა შეუძლიათ. მონაწილეობას იღებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კომპანიები. თუმცა აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია ქართული კომპანიების ჩართულობა, რაც თავისთავად მათი კვალიფიკაციის ამაღლებას განაპირობებს და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პოტენციალს ზრდის. აღსანიშნავია, რომ „ენერგონის“ შესყიდვის პროცესი, ენერგეტიკის დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავებულია. ჩვენი კომპანიის პროექტები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც იწვევს პროექტზე გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ინდივიდუალურად შერჩევისა და მათი პროტოტიპის შექმნის საჭიროებას“.
ბექა წულაძე
ბექა წულაძეკომერციული დირექტორი
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მოზიდვას სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით და ამასთან, მუდმივად ვზრუნავთ ახალგაზრდა ტალანტების გაზრდაზე. „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროექტის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გუნდში დასაქმების შესაძლებლობას დარგის ექსპერტების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, რადგან პროექტზე შესასრულებელი საინტერესო და სპეციფიკური სამუშაო პროფესიონალებისთვისაც კი კარგი შესაძლებლობა იყო დამატებითი გამოცდილების შესაძენად. ჩვენ აგრეთვე ვზრუნავთ რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნაზე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“
ნინო მჭედლიშვილი
ნინო მჭედლიშვილიადმინისტრაციული დირექტორი
Previous Post

ავსტრალიამ მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, ვიზა გაუუქმა

Next Post

Samsung-ი კორპორაციებისთვის კერძო 5G ქსელის განვითარებას გეგმავს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Samsung-ი კორპორაციებისთვის კერძო 5G ქსელის განვითარებას გეგმავს

Samsung-ი კორპორაციებისთვის კერძო 5G ქსელის განვითარებას გეგმავს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result