სახელმწიფო სახელმწიფოში – ასე შეიძლება აღვწეროთ საქართველოს მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. საუბარია სახელმწიფო კომპანიებზე, რომელთა საკუთრებასაც საქართველოს უმსხვილესი სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენენ.
56,000 დასაქმებულით და 3,242,000,000 ლარის ჯამური შემოსავლით, სახელმწიფო კომპანიები საქართველოს უმსხვილესი ბიზნესების სიაში შედიან, თუმცა მათგან ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებით განსხვავდებიან – ისინი სახელმწიფო უწყებებს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ. სწორედ ამის გამო, მათ მთავრობა ააერთი სოციალური პროექტის განხორციელებას ავალდებულებს, იქნება ეს დასაქმებულთა შტატების ზრდა, პროდუქციის თვითღირებულებაზე იაფად გაყიდვა თუ წამგებიან საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა. მთავრობას შპს-ის დაფუძნება და კონკრეტულ ბაზარზე საქმიანობის დაწყება პრაქტიკულად შეუზღუდავად შეუძლია. დღეს სახელმწიფო კომპანიები, ღვინის წარმოებით დაწყებული, სასტუმროს ოპერირებითა და ენერგეტიკით დასრულებული, თითქმის ყველა სექტორში საქმიანობენ.
სახელმწიფო საწარმოების ფინანსური შედეგები სავალალოა. 2021 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ 2019 წელს უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიებმა ჯამში 237 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს. კიდევ უფრო დიდი იყო ზარალი 2018 წელს და 816 მილიონ ლარს შეადგენდა.
სახელმწიფო კომპანიათა შორის ზოგიერთი მათგანი ზარალიანობით გამოირჩევა, მათ შორისაა რკინიგზაც, რომელმაც 2020 წელს 164 მილიონი ლარით იზარალა. თუმცა, არიან სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც პირიქით მოგებაზე გადიან, მათ შორისაა ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელმაც 2019 წელს 122 მილიონი ლარის მოგება მიიღო.
ჯერჯერობით სახელმწიფო კომპანიების უდიდეს ნაწილს 2020 წლის ფინანსური შედეგები გამოქვეყნებული არ აქვს, შესაბამისად, წარმოგიდგენთ სახელმწიფო კომპანიების რეიტინგს 2019 წლის შემოსავლების მოცულობის მიხედვით:












