რომელ ქვეყნებს აქვს ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მარაგები?

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

ბუნებრივი აირი გლობალურ ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ელექტროენერგიის წარმოებაში, გათბობისთვის, ასევე სამრეწველო ნედლეულის სახით გამოიყენება.

Visual Capitalist-მა, Oil & Gas Journal-ში გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ არის მოწოდებული, დადასტურებული ბუნებრივი აირის მარაგების მიხედვით მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანა გამოავლინა.

რეიტინგში პირველ ადგილს, 1,688 ტრილიონი კუბური ფუტით, რუსეთი იკავებს. ეს 40%-ით მეტია მეორე ადგილზე მყოფ ირანის ბუნებრივი აირის მარაგზე და თითქმის სამჯერ მეტია აშშ-ის მარაგზე, რომელიც ჩამონათვალში მეოთხე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველი სამი ქვეყანა — რუსეთი, ირანი და კატარი — ერთად მსოფლიოს ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგების 51%-ს (3.7 კვადრილიონი კუბური ფუტი) ფლობს. აქვე გეტყვით, რომ ეს ქვეყნები სიაში პოზიციას 2023 წლიდან უცვლელად ინარჩუნებენ.

საერთო ჯამში, ტოპ-10 ქვეყანა გლობალური რეზერვების 83%-ს, ანუ ოთხ მეხუთედზე მეტს ფლობს.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბუნებრივი აირი გეოპოლიტიკური დაპირისპირების მთავარ იარაღად იქცა. ევროპა, რომელიც ოდესღაც მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, მას შემდეგ ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობას ცდილობს.

ამასთან, გლობალური მოთხოვნა კვლავ მაღალია, რადგან ქვეყნების ნაწილი ბუნებრივ აირს ქვანახშირისა და ნავთობისგან თავის დაღწევის პროცესში გარდამავალ საწვავად მიიჩნევს.

მსოფლიოს 10 ქვეყანა ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი დადასტურებული მარაგით:
ქვეყანა დადასტურებული მარაგი (ტრილიონი კუბური ფუტი) რეგიონი 🌍
რუსეთი 1,688 ევროპა/აზია
ირანი 1,200 ახლო აღმოსავლეთი
კატარი 843 ახლო აღმოსავლეთი
აშშ 615 ჩრდილოეთი ამერიკა
თურქმენეთი 400 აზია
საუდის არაბეთი 336 ახლო აღმოსავლეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები 290 ახლო აღმოსავლეთი
ჩინეთი 265 აზია
ნიგერია 209 აფრიკა
ვენესუელა 195 სამხრეთი ამერიკა

More to read