2024 წლის ყველაზე წარუმატებელი ფილმები — დიდი ბიუჯეტი, დიდი იმედგაცრუება

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

სტრიმინგის ეპოქასა და ფრენჩაიზებით გადაღლილობის ფონზე, მზარდმა ბიუჯეტებმა და მაყურებლის ნაკლებმა ჩართულობამ კინოინდუსტრიაში ფინანსური წარუმატებლობები გაახშირა და უფრო მასშტაბური გახადა. 2024 წელს ამ პრობლემის წინაშე არაერთი ბლოკბასტერი აღმოჩნდა — მათ არათუ ფილმის გადაღებაზე დახარჯული თანხის ამოღება ვერ შეძლეს, ზოგიერთმა მილიონობით დოლარითაც იზარალა.

Deadline-ის მონაცემების თანახმად, გასული წელი ყველაზე წარუმატებელი Warner Bros-ის მიერ გამოშვებული ფილმისთვის — Joker: Folie à Deux-ისთვის აღმოჩნდა, რომელმაც კინოსტუდია დაახლოებით 144 მილიონი დოლარით აზარალა. კერძოდ, კინოსურათის გადაღებისთვის $371.3 მილიონი დახარჯა, მისმა გლობალურმა შემოსავალმა კი $227 მილიონი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ფრენჩაიზის პირველმა ფილმმა — Joker, რომელიც 2019 წელს გამოვიდა, მსოფლიო კინოთეატრის სალაროებიდან $1.079 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ფილმმა მსგავსი ფინანსური მაჩვენებელი Joker: Folie à Deux-ზე დაახლოებით 6-ჯერ ნაკლები ბიუჯეტით დააფიქსირა. Joker-ის გადასაღებად 55-70 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

2024 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა Warner Bros-ის კიდევ ერთი მაღალბიუჯეტიანი გაგრძელება – Furiosa: A Mad Max Saga, რომელმაც Mad Max: Fury Road-ის წარმატება ვერ გაიმეორა. ფილმის ბიუჯეტი $330 მილიონს აჭარბებდა, თუმცა მან კინოსტუდია $119.6 მილიონით აზარალა. Furiosa: A Mad Max Saga-ს შემოსავალმა $211 მილიონი შეადგინა.

შედარებისთვის, 2015 წელს გამოსული Mad Max: Fury Road-ის ბიუჯეტი $154.6-185.2 მილიონი იყო, მის მიერ მიღებულმა გლობალურმა შემოსავალმა კი $380.5 მილიონი შეადგინა. მართალია, ამ შემთხვევაში განსხვავება ისეთი დიდი არ არის, როგორიც „ჯოკერის“ ფრენჩაიზის ფილმებს შორის, თუმცა Mad Max: Fury Road-მა მისი გაგრძელებისგან განსხვავებით კინოსტუდიას მოგება მაინც მოუტანა.

გასულ წელს არც სუპერგმირებზე გადაღებულ ფილმებს გაუმართლა – Sony Pictures-ის Kraven the Hunter-ი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ გადაღალა ტრადიციული სუპერგმირების ჟანრის ფილმებმა მაყურებელი. კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებები და მაყურებელთა ინტერესის ნაკლებობა ფილმს $71-მილიონიანი ზარალი დაუჯდა.

ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა ფრენსის ფორდ კოპოლას სამეცნიერო ფანტასტიკის დრამა Megalopolis-ი – ოცნების პროექტი, რომელზეც რეჟისორი 20 წელზე მეტხანს მუშაობდა. მან ფილმი საკუთარი დაფინანსებით, $120-მილიონიანი ბიუჯეტით გადაიღო და ამისთვის თავისი ღვინის ბრენდის ნაწილიც კი გაყიდა. კინოსურათმა მხოლოდ $70.5 მილიონი გამოიმუშავა, რაც $75.5-მილიონიან ზარალს ნიშნავს.

ფინანსურად ყველაზე წარუმატებელი ფილმები (2024 წელი):
ფილმი საპროდიუსერო კომპანია/სტუდია შემოსავალი ბიუჯეტი ზარალი
Kraven The Hunter Sony Pictures $120 მილიონი $191 მილიონი $-71 მილიონი
Megalopolis Lionsgate $70.5 მილიონი $146 მილიონი $-75.5 მილიონი
Borderlands Lionsgate $104 მილიონი $184 მილიონი $-80 მილიონი
Furiosa – A Mad Max Saga Warner Bros $211 მილიონი $330.6 მილიონი $-119.6 მილიონი
Joker – Folie à Deux Warner Bros $227 მილიონი $371.3 მილიონი $-144.3 მილიონი

More to read