10 ქვეყანა, რომლებმაც 2024 წელს აშშ-ისგან ყველაზე მეტი საგარეო დახმარება მიიღეს

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების უმეტესი პროგრამების შეჩერების შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა საკითხი, თუ რომელი სახელმწიფოები იღებდნენ აშშ-ისგან საგარეო დახმარების სახით ყველაზე დიდი მოცულობის თანხებს. USAID-ის პროგრამების ტრამპის მიერ 90 დღით გაყინვამ ბევრი ღარიბი სახელმწიფო მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე დატოვა, მრავალი კრიტიკული მნიშვნელობის პროგრამა შეჩერდა.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთაც 2024 წელს აშშ-ისგან USAID-ის პროგრამების ფარგლებში ყველაზე დიდი მოცულობის დახმარებები მიიღეს. გაითვალისწინეთ, რომ ეს რიცხვი არ წარმოადგენს აშშ-ის მიერ კონკრეტული ქვეყნისათვის გაწეულ ჯამურ დახმარებას, ვინაიდან სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული თუ სხვა სახის საგარეო დახმარებები USAID-ის გარდა სახელმწიფოებს სხვა არხებითაც მიეწოდება. მონაცემები აღებულია აშშ-ის საგარეო დახმარების ოფიციალური ვებგვერდიდან (ForeignAssistance.gov)

გასაკვირი არ არის, რომ 2024 წელს ყველაზე დიდი მოცულობით დახმარება USAID-მა უკრაინას გაუწია. უკრაინამ აღნიშნული არხით აშშ-ისგან გასულ წელს $6.1 მილიარდი მიიღო. USAID-ის მეორე ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი 2024-ში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელმაც ამერიკისგან $1.3 მილიარდი მიიღო. თითქმის იმავე მოცულობის თანხა მიიღო იორდანიის ჰაშემიტურმა სამეფომ, $1.2 მილიარდი კი ეთიოპიამ. დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელებისათვის USAID-ის მიერ გამოყოფილმა თანხამ $918 მილიონი შეადგინა.

ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, USAID-მა საქართველოსთვის შარშან $111 მილიონი გამოყო, რომელთა ნაწილი სამთავრობო უწყებებს, ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეწარმეო პროექტებს, სოფლის მეურნეობის პროგრამებს, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პროექტებს, ჰუმანიტარულ დახმარებას და სხვა სახის საჭიროებების მქონე ბენეფიციარებს გადაეცათ.

რეიტინგი ქვეყანა USAID-ის დახმარება 2024 წელს
1 უკრაინა $6.1 მილიარდი
2 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა $1.3 მილიარდი
3 იორდანია $1.3 მილიარდი
4 ეთიოპია $1.2 მილიარდი
5 დასავლეთი სანაპირო და ღაზის სექტორი $918 მილიონი
6 სუდანი $769 მილიონი
7 ნიგერია $763 მილიონი
8 იემენი $753 მილიონი
9 ავღანეთი $743 მილიონი
10 სამხრეთი სუდანი $727 მილიონი
საქართველო $111 მილიონი

 

More to read